რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არაბთა გაერთიანებული საამიროები მზადაა, რუსეთთან ენერგოუსაფრთხოებაზე ითანამშრომლოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრი, შეიხ ბინ ზაიდ ალ ნახაიანი. მოსკოვი, 2022 წლის 17 მარტი.
Reuters

არაბთა გაერთიანებული საამიროს საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეიხ აბდულა ბინ ზაიდ ალ ნაჰაიანმა რუსეთში, მოსკოვში გამართულ ვიზიტზე თქვა, რომ საამიროები მზადაა, რუსეთთან ენერგოუსაფრთხოების სექტორში ითანამშრომლოს.

საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვში შეხვედრაზე განიხილავდნენ უკრაინის, სირიის, იემენისა და ერაყის კრიზისებს. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და შემდეგ დასავლეთის სანქციებმა მსოფლიოს ენერგეტიკულ ბაზარზე გავლენა იქონია, შესაბამისად, რადგან მომხმარებლებს რუსული ნავთობის ალტერნატივა სურთ, ყურადღების ცენტრში მოექცნენ სპარსეთის ყურის ენერგოექსპორტიორები, როგორებიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი. 

აღსანიშნავია, გასულ დღეებში გამოცემა The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების დე-ფაქტო ლიდერებმა აშშ-ს პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარზე უარი თქვეს, რადგან მისი ადმინისტრაცია ამ ქვეყნებს რეგიონში მხარს არ უჭერს.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ბაიდენსა და ამ ქვეყნების მონარქებს შორის დაგეგმილი სატელეფონო საუბრებით, აშშ ცდილობდა შეექმნა უკრაინისთვის საერთაშორისო მხარდაჭერა და შეეჩერებინათ ნავთობზე ფასების ზრდა. WSJ-ს თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-სა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ოფიციალურმა პირებმა მიაწოდეს. სატელეფონო საუბრები მეორე მხარის უარის გამო ვერ შედგა. 

საუდის არაბეთის ოფიციალური პირების თქმით, მათი ქვეყანა გზავნის ნიშნებს, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობა გაუარესდა ბაიდენის ადმინისტრაციის ქვეშ, სურთ მეტი მხარდაჭერა იემენის სამოქალაქო ომში საკუთარი ძალების ინტერვენციის დასახმარებლად, ირანის ბირთვული პროგრამის დაწინაურების პარალელურად, საკუთარ სამოქალაქო ბირთვულ პროგრამაზე დახმარება და აშშ-ში პრინც მუჰამედზე სამართლებრივი იმუნიტეტის დაწესება. მემკვიდრე პრინცი მუჰამედის წინააღმდეგ აშშ-ში აღძრულია რამდენიმე საქმე, მათ შორისაა 2018 წელს ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგის მკვლელობა. 

საუდის არაბეთის წუხილს იზიარებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიც. საამიროებისთვის პრობლემას წარმოადგენს აშშ-ს თავშეკავებული პასუხი მათ ტერიტორიებზე ირანის მხარდაჭერეილი იემენელი ჰუსიტების სარაკეტო თავდასხმებთან დაკავშირებით. ამის შესახებ WSJ-სთან საამიროების წარმომადგენლებმა ისაუბრეს. 

ასევე, ორივე ქვეყანას აწუხებს ირანის ბირთვული შეთანხმების განახლების შესაძლებლობა, რაც ახლო მომავალში შესაძლოა დასრულდეს. ამ საკითხზე მოლაპარაკებები გადასულია ფინალურ ეტაპზე.

ამას გარდა, ასევე WSJ-ს ინფორმაციით, საუდის არაბეთი პეკინთან განიხილავს ნავთობის აშშ დოლარის ნაცვლად ჩინურ იუანში გაყიდვას.

ჩინეთი საუდის არაბეთის საექსპორტოდ წარმოებული ნავთობის 25 %-ზე მეტს იძენს. შესაბამისად, თუ ვაჭრობა იუანში მოხდება, ეს გაყიდვები ჩინურ ვალუტას გაამყარებს. ამასთან, საუდის არაბეთი განიხილავს იუანში დენომინირებული, ჩინეთში პეტროიუანად წოდებული ფიუჩერსული კონტრაქტების "საუდის არაბეთის ნავთობის კომპანიის" საფასო მოდელში გათვალისწინებას.

საუდის არაბეთის მიერ ნედლი ნავთობის ყოველდღიური ექსპორტიდან დაახლოებით 6.2 მილიონი ბარელის დოლარის გარდა სხვა ვალუტაში შეფასება ქვეყნის კურსის დიდი ცვლილება იქნება. მსოფლიოში ნავთობის გაყიდვების უმეტესობა, დაახლოებით 80% დოლარში სრულდება. საუდის არაბეთი ნავთობით ექსკლუზიურად დოლარში ვაჭრობს 1974 წლის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტი ნიქსონის ადმინისტრაციასთან ეს შეთანხმება სამეფოსთვის უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ გაფორმდა.

კომენტარები