რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნოდია: პუტინი თვითგადარჩენის რეჟიმშია, უკრაინას სჭირდება ზავი ისე, რომ მინიმალური დათმოს

რასაც ვუყურებ, პუტინის რეჟიმი თვითგადარჩენის რეჟიმშია. ახლა მისი მთავარი ამოცანაა, ომში წაგება მოგებად გაასაღოს. თუ ამას ვერ იზამს, ჩამოიშლება. ამით აიხსნება, კერძოდ, ჩვეულებრივზე უფრო ისტერიული ცენზურაც: სხვანაირად აშკარა ტყუილს ხალხს სიმართლედ ვერ შეასაღებ.

უკრაინის ხელისუფლებას უნდა, ომი მალე დაამთავროს. უკრაინელები ძალიან ეფექტურ წინააღმდეგობას უწევენ მოწინააღმდეგეს და მთელი მსოფლიო სამართლიანად აღფრთოვანებულია. მაგრამ პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ მათ რუსების წინსვლა შეაჩერეს ან თითქმის შეაჩერეს. მათთვის ძალიან ძნელი იქნება, რუსები უკვე დაკავებული ტერიტორიებიდან სამხედრო ძალით განდევნონ: ეს პრინციპულად სხვა რიგის ამოცანაა. ამასობაში, ხალხი იღუპება, ქვეყანა ინგრევა. ხელისუფლების მივალეობაა, ეს რაც შეიძლება მალე დაამთავროს, თუ ამის შანსი არსებობს.

უკრაინას სჭირდება ზავი, ოღონდ ისე, რომ მინიმალური დათმოს. ამავე დროს, მათ ესმით, რომ ამ მიზანს, ომის მალე დამთავრებას, მხოლოდ მაშინ მიაღწევენ, თუ პუტინი შეძლებს თავის ხალხს ეს ზავი გამარჯვებად მიასაღოს. ამ აზრით, რაც გინდა პარადოქსი იყოს, პუტინს და ზელენსკის საერთო ინტერესი აქვთ: ორივეს სჭირდება ზავის ფორმულა, რომელიც რუსეთშიც გაიყიდება და უკრაინაშიც.

ოღონდ, პუტინისგან განსხვავებით, ზელენსკი შავს თეთრად ვერ გაასაღებს: მან მართლა უნდა აჩვენოს ხალხს, რომ ზავს უკრაინის ეროვნული ინტერესის ხარჯზე არ დებს. სხვა შემთხვევაში, მისი დღევანდელი სუპერრეიტინგი ერთ დღეში გაცამტვერდება. ზელენსკის რეიტინგი არ არის პრობლემა: უპრეცედენტო ეროვნული ერთობა დაინგრევა და ამას ქვეყნისთვის მძიმე შედეგები ექნება.

შესაძლებელია ასეთი ფორმულის მოძებნა? უკვე ჩანს, რომ ნატოს წევრობის განაცხადზე ფორმალური უარი იქნება კომპრომისის ცენტრალური პუნქტი. რუსებს დააჯერებენ, რომ პუტინმა უკრაინა აიძულა, ნატო-ზე უარი ეთქვა. უკრაინელები დაიჯერებენ, რომ მათ მხოლოდ ნატოს მომავალი წევრობის სიმბოლური და არარეალისტური დაპირება დათმეს, სამაგიეროდ, რეალურად, დასავლეთს გაცილებით უფრო დაუახლოვდნენ. ეს მართალიც იქნება, იმიტომ რომ, ფაქტობრივად, უკრაინელები ამ ომით ხდებიან დასავლეთის ნაწილი და ამ ომის შემდეგ გაცილებით უფრო დაცული გახდებიან, ვიდრე მანამდე.

ეს ზავის მხოლოდ ერთი კომპონენტი შეიძლება იყოს. რჩება ყირიმის და დონბასის (2015 წლის შემდეგ რუსების დაკავებული ნაწილის) საკითხები. სავარაუდოდ, რუსები შეიძლება დაიყოლიო იმაზე, რომ თავისი ჯარები 23 თებერვლის მდგომარეობას დაუბრუნონ, მაგრამ ძნელია, დონბასის აღნიშნული ნაწილი და ყირიმი დაათმობინო. ასევე ძნელია, უკრაინა ფორმალურად შეურიგდეს ყირიმის და დონბასის ნაწილის დაკარგვას. რაღაც დიპლომატიური ეშმაკობა შეიძლება გახდეს საჭირო: როგორც ჩვენი ან ყარაბაღის შემთხვევაში, "დროებითი“ ზავი დაიდოს და რაღაც საკითხები სამომავლოდ გადაიდოს. ოღონდ გასაგები იქნება, რომ ეს "დროებითობა“ ძალიან ხანგრძლივია.

ცხადია, ეს ყველაფერი ვარაუდებია. სრულიად შესაძლებელია, ისინი არ გამართლდეს - უბრალოდ, ამ მომენტისთვის, ეს მგონია შედარებით სარწმუნო სცენარი. არესტოვიჩის ბოლო ინტერვიუ გორდონთან ამას ადასტურებს.

ეს სცენარი ჩვენთვის მაინცდამაინც კარგი არ არის. მაგრამ ამას ვერც უკრაინას დავაბრალებთ და ვერც დასავლეთს - მხოლოდ საკუთარ თავს, რადგან ამ ისტორიულ მომენტში ის მთავრობა გვყავს, რაც გვყავს

პოლიტოლოგი გია ნოდია.

კომენტარები