ქართული ოცნება

საია: ქართული ოცნების განცხადება სალომე ზურაბიშვილის დასჯას ემსახურება

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ საკონსტიტუციო დავის დაწყების შესახებ განცხადებას გამოეხმაურა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პროცესი მისი პოზიციონირების გამო ზურაბიშვილის დასჯას ემსახურება და აზიანებს პრეზიდენტის ინსტიტუტს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საზოგადოებაში შექმნილი შეხედულების საპირისპიროდ, მმართველი პარტიის მიერ დაანონსებული საკონსტიტუციო დავა არ წარმოადგენს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას.

ქართული ოცნების განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა გასული წლის განმავლობაში რამდენჯერმე განაცხადა უარი ელჩების დანიშვნაზე, რაც ასევე წინააღმდეგობაშია საქართველოს უზენაეს კანონთან.

საია განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებსა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს. აქტს სჭირდება პრემიერმინისტრის თანახელმოწერა და მასზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება.

"ამ საკითხზე დავის დაწყების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ორგანოს უფლებამოსილების, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის მიერ ელჩის დანიშვნაზე უარის თქმის კომპეტენციის საკითხს. მთავრობის პოტენციური სარჩელის მოპასუხე იქნება საქართველოს პარლამენტი, რომელიც საკანონმდებლო დონეზე არეგულირებს ელჩის დანიშვნის საკითხს. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა გაასაჩივრებს პარლამენტის მიერ მიღებული ნორმის ან ნორმების იმ შინაარსს, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტს დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს, უარი თქვას კონკრეტული ელჩის დანიშვნაზე. 

საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს, აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლება, თავისი შეხედულებით გადაწყვიტოს ელჩის დანიშვნის საკითხი. თუ სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტი არ სარგებლობს დისკრეციით, ეს ქვეყნის პირველ პირს მომავალში წაართმევს შესაძლებლობას, უარი განაცხადოს მთავრობის წარდგინებებზე და აიძულებს მას, მოიწონოს კაბინეტის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი კანდიდატი". – ნათქვამია საიას განცხადებაში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში პრეზიდენტისთვის განსაზღვრული კომპეტენცია, დანიშნოს ელჩები და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები, მოიცავს მის უფლებას, შეაფასოს მთავრობის მიერ შეთავაზებული კანდიდატურები და თავად გადაწყვიტოს, გამოსცეს თუ არა დანიშვნის აქტი, რაც განამტკიცებს ხელისუფლების ორგანოთა შორის შეკავებისა და გაწონასწორების პრინციპს.

საიას მოსაზრებით, ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს 15 მარტის შეფასებები პირდაპირ უკავშირდება პრეზიდენტის მიერ მიღებულ ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, უკრაინის საკითხებზე რიგგარეშე სხდომის მოწვევას, 5 მარტს ყოველწლიური მოხსენებით წარდგენის მოთხოვნას, სალომე ზურაბიშვილის საჯარო და ხელისუფლებისგან განსხვავებულ პოზიციონირებას ევროინტეგრაციისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხებზე.

კომენტარები