რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"უკრაინასთან მოლაპარაკებაში მნიშვნელოვან პროგრესს ვხედავთ" – რუსეთის დელეგაციის წევრი

Ria.ru

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებაში რუსეთის დელეგაციის წევრმა, ლეონიდ სლუცკიმ თქვა, რომ უკრაინის დელეგაციასთან "მნიშვნელოვანი პროგრესია" მიღწეული. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია, РИА Новости ავრცელებს.

"თუ შევადარებთ რუსეთისა და უკრაინის პოზიციებს მოლაპარაკებების დასაწყისში და ახლა, ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს ვხედავთ. მოველით, რომ პროგრესი, შეიძლება, გადაიზარდოს ორივე დელეგაციის ერთიან პოზიციასა და ხელმოსაწერ დოკუმენტში". – თქვა სლუცკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე რუსული მხარე ულტიმატუმებს უკვე აღარ აყენებს და ყურადღებით უსმენს უკრაინის წარმომადგენლებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები