რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

THE WALT DISNEY COMPANY რუსეთის ბაზარს ტოვებს

რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო, ცნობილმა ამერიკულმა კომპანიამ The Walt Disney რუსეთის ბაზარი დატოვა და ქვეყანაში საკუთარი პროდუქციის გავრცელება და ყველანაირი აქტივობა შეწყვიტა. ამის შესახებ განცხადება დისნეიმ ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა.

"უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, გასულ კვირას განვაცხადეთ, რომ რუსეთის კინოთეატრებში ჩვენ მიერ წარმოებული ფილმების ჩვენება შევწყვიტეთ. ახლა კი მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში ჩვენი ყველანაირი ბიზნესი შევაჩეროთ. კერძოდ, რუსეთში ვწყვეტთ ჩვენი პროდუქციის ლიცენზირებას, Disney Cruise Line-ის აქტივობებს, ჟურნალ National Geographic-ის გამოცემას, სხვადასხვა სახის ტურებს, სტრიმინგ პლატფორმასა და სატელევიზიო მაუწყებლობას. ამის მიუხედავად, ჩვენი პატივსაცემი კოლეგები, ვინც რუსეთში დისნეის თანამშრომლები იყვნენ, შემოსავალს არ დაკარგავენ. აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ვმუშაობთ, რომ უკრაინელ ლტოლვილებს მათი საჭიროებების მიხედვით დახმარება აღმოვუჩინოთ". - წერია კომპანიის განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები