სურსათის მარაგები

დისტრიბუტორთა ასოციაცია მომხმარებლებს: ჭარბი შესყიდვებით არც თავი დაიზიანოთ და არც სხვები

rodalewellness.com

საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ივა ჭყონიას თქმით, ამ ეტაპზე,  ბაზარზე სტაბილური ვითარებაა, თუმცა ბოლო დღეებში, სავაჭრო ქსელებში მიწოდების მხრივ შეფერხებებია. მისი განმარტებით, ეს მოსახლეობის მხრიდან ჭარბ შესყიდვებს უკავშირდება, რაც ხელოვნურად იწვევს დეფიციტს.

"გარკვეულ ბრენდებთან დაკავშირებული ჩავარდნები გამოწვეულია ლოგისტიკური ჯაჭვის წყვეტიდან, მაგრამ თუ დღეს გარკვეული ბრენდის ზეთი, წიწიბურა თუ შაქარი მომხმარებელს არ დახვდა დახლზე, ეს არ ნიშნავს, რომ ორ-სამ დღეში არ იქნება, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ჭარბი შესყიდვებით არ დააზიანონ არც საკუთარი თავი და არც სხვა მომხმარებელი“, - თქვა ივა ჭყონიამ სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

ასევე, სოფლის მეურნეობის მინისტრის იმპორტიორებთან და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 1 აპრილიდან  ქარხანა აგარის შაქარი სრული დატვირთვით განაახლებს მუშაობას და ბაზარზე შაქრის შეუფერხებელი მიწოდება უზრუნველყოფილი იქნება.

"დღევანდელ დღეს პანიკის საფუძველი არ არსებობს. ჩვენ გვაქვს საკმარისი მარაგები. პირველი აპრილიდან ქარხანა აგარის შაქარი სრულად დაიტვირთება. შესაბამისად, ადგილზე მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება შესაძლებელი“,  - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

კომენტარები