სურსათის მარაგები

სოფლის მეურნეობის მინისტრი: სურსათის მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს" - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მსხვილი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან, სურსათის და პირველადი მოხმარების პროდუქციის იმპორტიორებთან შეხვედრის შემდეგ თქვა. 

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ "უმნიშვნელოვანესია, სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის სტაბილური მიწოდების შენარჩუნების პარალელურად, კომპანიებმა სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედონ, რათა არ მოხდეს ფასების უსაფუძვლო მატება".  

მინისტრის, ოთარ შამუგიას თქმით, "შევთანხმდით, რომ მაქსიმალურ კოორდინაციაში ვიმუშავებთ იმპორტიორებთან და მიმწოდებლებთან".

საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ივა ჭყონიას განცხადებით, ამ ეტაპზე, ბაზარზე სტაბილური ვითარებაა, თუმცა ბოლო დღეებში, სავაჭრო ქსელებში მოსახლეობის მხრიდან ჭარბი შესყიდვები დაფიქსირდა, რაც "ხელოვნურად იწვევს" დეფიციტს.

"გარკვეულ ბრენდებთან დაკავშირებული ჩავარდნები გამოწვეულია ლოგისტიკური ჯაჭვის წყვეტიდან, მაგრამ თუ დღეს გარკვეული ბრენდის ზეთი, წიწიბურა თუ შაქარი მომხმარებელს არ დახვდათ დახლზე, ეს არ ნიშნავს, რომ ორ-სამ დღეში არ იქნება, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ჭარბი შესყიდვებით არ დააზიანონ არც საკუთარი თავი და არც სხვა მომხმარებელი“, - თქვა ჭყონიამ.

სამინისტროს ცნობითვე, 1 აპრილიდან  ქარხანა აგარის შაქარი სრული დატვირთვით განაახლებს მუშაობას და ბაზარზე შაქრის შეუფერხებელი მიწოდება უზრუნველყოფილი იქნება.

"დღევანდელ დღეს პანიკის საფუძველი არ არსებობს. ჩვენ გვაქვს საკმარისი მარაგები. პირველი აპრილიდან აგარის შაქარი სრულად დაიტვირთება. შესაბამისად, ადგილზე მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება შესაძლებელი“,  - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა, ნიკოლოზ ნათბილაძემ.

კომენტარები