რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შს მინისტრი: ომის დაწყების შემდეგ, რუსეთიდან 20 000 მოქალაქე შემოვიდა, 3 000 – ჯერ არ გასულა

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მტკიცებით, საქართველოს საზღვარი "კონტროლდება ძალიან მაღალ დონეზე". მისი თქმით, შსს-ს უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, მაქსიმალური აქცენტი აქვს უსაფრთხოებაზე. გომელაური ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოში რუსეთის იმაზე ნაკლები მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე 2019-2021 წლების ანალოგიურ პერიოდში.

"იყო ძალიან ხშირი საუბარი, თითქოსდა, უპრეცედენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ საქართველოში, ეს არ არის მართალი. ბევრად ნაკლებია. 2020 წელს მთლიანად დაკეტილი იყო. 2019-სა და 2021-ს თუ შევადარებთ, დაახლოებით 70%-ია შემოსული, რაც მაშინ შემოდიოდა, იმაზე ნაკლებია.

ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დღემდე, 13 დღის განმავლობაში, არის 20 000 ადამიანზე ოდნავ მეტი შემოსული, როცა, მაგალითად, 2019 წელს, 40 000 იყო შემოსული, ანალოგიურ პერიოდში.

აქედან ძალიან ბევრი შემოდის თურქეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობა - ჩეჩნები, დაღესტნელები, ინგუშები, რომლებიც, გაჩერებული ფრენების გამო, ჩარჩნენ და ვეღარ გადაფრინდნენ თავიანთ ქვეყნებში. უმეტეს შემთხვევაში, არიან ქალები და ბავშვები, რომლებიც სტამბოლში, ანკარაში, ავტობუსებს ქირაობენ, ოჯახებით მოდიან და პირდაპირ გადიან ლარსიდან. რა თქმა უნდა, ამ ხალხის შემოსვლაც რუსეთის მოქალაქეების შემოსვლად ითვლება, თუმცა, ტოვებენ ქვეყანას და გადიან. ნახევარიც არ რჩება. დაახლოებით, თუ არ ვცდები, 3 000 ადამიანია, რომელიც შემოვიდა და ჯერ არ გასულა ამ ორ კვირაში"  - ამბობს შს მინისტრი.

ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტყუის, როდესაც ამბობს, რომ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით სიტუაციას აკონტროლებენ. პარტიის ცნობით, საქართველოში შემოსული რუსები ევროპისა და აშშ-ს სანქციებს გამოექცნენ და საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეების მიმართ მტრული განწყობით გამოირჩევიან. კანდელაკის თქმით, როცა მტრულად განწყობილი ქვეყნიდან მოქალაქეები მასობრივად შემოდიან, საზღვრის კონტროლი ქვეყნის სუვერენული უფლებაა.  

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო მსოფლიოს ქვეყნების მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქეები ქვეყანას მასობრივად ტოვებენ, მათ შორის, საქართველოში მიემგზავრებიან. 

პარალელურად, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო მუშაობა კანონპროექტის გამკაცრებაზე, რომელიც "ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული".  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები