ლარი გაუფასურებას განაგრძობს. 7 მარტის ბოლოსთვის, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3991 ლარია, ხოლო ევროსი – 3.6802 ლარი. ბოლო ორ კვირაში ლარი დოლართან 42 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 30 თეთრით.
ბანკებში უცხოური ვალუტის ღირებულება გაცილებით მაღალია - 1 დოლარი 3.50 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.83 ლარი.
ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, "დღეს არ არის ობიექტური ფაქტორები, რომ ლარი უფასურდებოდეს, არის ძირითადად ემოციური ფაქტორები". ის დარწმუნებულია, რომ "კოორდინირებულად, მათ შორის მთელი საზოგადოება, მოვახერხებთ იმას, რომ ლარი თავის წონასწორობის ნიშნულს ნახავს, ეს მერყეობა დასტაბილურდება და ლარის კურსი იქნება მშვიდ რეჟიმში".
"ერთადერთი არის ის ემოციური ფაქტორები, რომელიც არის შიგნით. აქ ხელისუფლების დიდი სურვილი, მოწოდება, თხოვნა, მთლიანად საზოგადოებასთან არის ერთადერთი - მოდით, ნაკლები ემოციით შევხედოთ, ეკონომიკური პროცესების ნაწილში ვამბობ..
გავმიჯნოთ, ერთი არის ცალსახად ჩვენი სოლიდარობა და საკითხი, რომელიც უკავშირდება ოკუპაციას, აგრესიას, სადაც ვერ ვიქნებით მშვიდები, ვიქნებით მაქსიმალურად ემოციურები და ვართ ემოციურები, ასეა თითოეული მოქალაქე, არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობას, სტატუსს და პოზიციას.
მაგრამ რაც შეეხება ეკონომიკურ პროცესებს, ეს არის ძალიან მგრძნობიარე. სიმშვიდე ეკონომიკურ პროცესებთან მიმართებით, პრაგმატულობა, სწორი ნაბიჯების გადადგმა არის ერთადერთი გზა, რომ ვალუტის კურსი შევინარჩუნოთ" - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.
იანვარ-თებერვლის რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, რასაც თიბისი კაპიტალი ზომიერად ოპტიმისტურს უწოდებდა და სამომავლოდ მის გაუფასურებას უფრო მეტად პროგნოზირებდა, ვიდრე კიდევ უფრო მეტად გამყარებას.
"ლარის მიმართ სენტიმენტებისა და წმინდა შემოდინების გაძლიერების შემთხვევაშიც კი, ჩვენი აზრით, ლარის შემდგომი გამყარება ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც ამ სცენარში ვფიქრობთ, რომ ეროვნული ბანკი უფრო მეტ რეზერვს შეისყიდის.
ლარის მიმდინარე კურსი ზომიერად ოპტიმისტურია და სამომავლოდ მისი ან დაახლოებით იმავე დონეზე შენარჩუნება ან გარკვეული დასუსტებაა უფრო მოსალოდნელი, ვიდრე გამყარების ბოლო პერიოდში არსებული დინამიკის გაგრძელება". – წერია TBC CAPITAL-ის ანგარიშში.