ხერსონის ოლქის ქალაქ ახალ კახოვკაში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელ მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 1 ადამიანი, 7 კი დაშავდა. უკრაინის პროკურატურამ საქმის წარმოება უკვე დაიწყო.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ხერსონის ოლქის პროკურატურამ საქმეს კანონდარღვევისა და ომის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო, რაშიც ამ შემთხვევაში ადამიანის განზრახ მკვლელობა იგულისხმება.
გამოძიების ცნობით, 6 მარტს ახალ კახოვკაში მშვიდობიანი მოქალაქეები რუსული ჯარების მიერ ოლქის ოკუპაციის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.
"მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები შეუიარაღებლები იყვნენ და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ, ოკუპანტებმა მათ ცეცხლი მაინც გაუხსნეს. შედეგად გარდაიცვალა 1 ადამიანი, 7 კი დაშავდა". - წერია პროკურატურის განცხადებაში.
რუსული ჯარის ასეთი ქმედება პირდაპირ საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს. კერძოდ, 1949 წლის ჟენევის კონვენციის დამატებითი პროტოკოლის 51-ე და 52-ე მუხლს, რომელიც სამოქალაქო პირებსა და სამოქალაქო ობიექტებზე პირდაპირ თავდასხმას კრძალავს.





