რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინმა მთავრობას "არამეგობრული ქვეყნების" სიის შედგენა კვლავ დაავალა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი

რუსეთის მთავრობამ ორი დღის განმავლობაში უნდა დაადგინოს იმ ქვეყნების სია, რომლებიც რუსეთთან მიმართებით "არამეგობრულად იქცევიან". 

"რუსეთის ფედერაციის მთავრობამ ორ დღეში დაადგინოს იმ უცხო სახელმწიფოების სია, რომლებიც ახორციელებენ არამეგობრულ ქმედებებს რუსეთის ფედერაციის, რუსეთის იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ". - ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც ხელი მოაწერა აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტმა.

ასევე, განკარგულების მიხედვით, რუსულ ორგანიზაციებსა და კომპანიებს დროებით მიეცათ უფლება, კრედიტორებს, რომლებიც "არამეგობრული ქვეყნების" სიიდან იქნებიან, ვალი რუბლში გადაუხადონ. 

"არამეგობრული ქვეყნების" სია რუსეთმა 2021 წელსაც შეადგინა და იმავე წლის 27 აპრილს ტელეკომპანია Россия 1-ის ეთერში წარადგინა. მაშინ ამ სიაში საქართველოც მოხვდა. 

საქართველოსთან ერთად სიაში მოხვდნენ: აშშ, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩეხეთი და დიდი ბრიტანეთი. 

2021 წლის 24 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი "არამეგობრული ქვეყნების" დიპლომატიურ მისიებში და სხვა სააგენტოებში ადგილობრივი თანამშრომლების რაოდენობას შეზღუდავს. კანონი რუსეთის მთავრობას აძლევს უფლებამოსილებას, შეზღუდოს ან სულაც აიკრძალოს ხელშეკრულებები "უცხო სახელმწიფოთა სახელმწიფო ორგანოებთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რომლებიც არაკეთილსინდისიერ ქმედებების სჩადიან  რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ". 

კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც ჩეხეთის რესპუბლიკასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაუარესდა. ჩეხეთმა ჯაშუშობისთვის რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელი გააძევა ქვეყნიდან.

კომენტარები