ევროკავშირი-საქართველო

მელია: გილოცავთ – მთავრობა იძულებული გახდა განაცხადი გაეკეთებინა ევროკავშირის წევრობაზე

Nika Melia / ნიკა მელია / Facebook

"ვულოცავ ქართველ ხალხს, ვისმა ბრძოლამაც შედეგი გამოიღო. საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა განაცხადი გაეკეთებინა ევროკავშირის წევრობაზე". – ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია ქართული ოცნების მხრიდან ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის დაჩქარებულად მომზადებას, რომელსაც მმართველი გუნდი ხვალ, 3 მარტს წარადგენს.

ნიკა მელიამ თხოვნით მიმართა დასავეთს, მიიღონ ეს განაცხადი, – "მინდა მივმართო დასავლურ სამყაროს, დიახ, ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტ ზელენსკის. შეიძლება ჩვენ არ გვყავს ღირსეული მთავრობა, მაგრამ ჩვენ ვართ ღირსეული მებრძოლი ერი. მიუხედავად მთავრობისა ქართველი ხალხის ადგილი არის ევროპაშია, მაგრამ ქართული ოცნების ადგილი არაა ხელისუფლებაში".

მელია თქმით, საქართველოს მთავრობა თავს ესხმის უკრაინის ხელისუფლებას და ამ ბრძოლაში რუსეთის გვერდით დგას ბელორუსთან და ყირგიზეთთან ერთად, მაშინ, როდესაც დასავლეთის ქვეყნები გვერდში უდგანან უკრაინას.

დღეს, 2 მარტს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მმართველი გუნდი საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს დაჩქარებული წესით ამზადებს და ხვალ, 3 მარტს ოფიციალურად წარადგენს.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოცნება საკუთარი საარჩევნო პროგრამის გათვალიწინებით, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას 2024 წელს გეგმავდა, თუმცა, არსებული პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი დაუყოვნებლივ წარადგინოს.


28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი მოაწერა.

ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა.

გუშინ, 1 მარტს კი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ზელენსკის თქმით, მიზეზი საქართველოდან მოხალისეების უკრაინაში გამგზავრების ხელშეშლა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე "ამორალური დამოკიდებულებაა".

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმეორებს, რომ ხელისუფლება თანაუგრძნობს უკრაინას, თუმცა საქართველოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება. მან ასევე თქვა, რომ სანქციები ეფექტური არ არის, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება უკრაინის სოლიდარობის აქციის ჩატარებისთვის გააკრიტიკა.

კომენტარები