რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, რუსეთსა და ბელარუსს ტურნირებში მონაწილეობა ეკრძალათ

რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო, მსოფლიო რაგბიმ რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიღება აუკრძალა. გარდა ამისა, ამ ქვეყნებს ორგანიზაციის წევრობაც შეუჩერეს. ამის შესახებ ინფორმაცია მსოფლიო რაგბიმ ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა.

ორგანიზაციამ დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და ბელარუსის მხრიდან მათი მოკავშირეობა, უკრაინელ ხალხს კი სოლიდარობა გამოუცხადა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები