რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საგარეომ უკრაინის დროშის ფერებად განათებაზე ინფორმაციას კონტექსტიდან ამოგლეჯილი უწოდა

1tv.ge

საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ უკრაინის მხარდამჭერი ჟესტების ჩამონათვალიდან თბილისის ანძისა და ბათუმის სტადიონის უკრაინის დროშის ფერებში განათება "კონტექსტიდან ამოგლიჯა"

"კონკრეტული ბანერი, სადაც განთავსებული იყო ინფორმაცია ჰუმანიტარული აქტებისა და სოლიდარობის ნიშნად გამოხატული სიმბოლური ნაბიჯების შესახებ (თბილისის ანძისა და ბათუმის სტადიონის განათება), ამოგლეჯილ იქნა კონტექსტიდან და აღქმულ იქნა, როგორც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერის მხოლოდ ამ ფორმით გამოხატულება, რაც არის მიზანმიმართული ქმედება და ისახავს დისკრედიტაციის ელემენტების გაღვივებას". – წერს საგარეო უწყების სტრატკომი.

სამინისტროს დეპარტამენტმა    ასევე გაავრცელა მსოფლიოს დედაქალაქების ფოტოები, სადაც გამოსახულია, მათ მიერ უკრაინის დროშის ფერებად განათებული შენობები და ღირსშესანიშნაობები.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის შეჭრის ფონზე საქართველოს მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარებისა და მხარდაჭერის ჟესტები გამოაქვეყნა. ჩამონათვალში მოხვდა თბილისის ანძისა და ბათუმის სტადიონის უკრაინის დროშის ფერებში განათებაც.

"საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის მკაფიო განცხადებებში! დღეს მისი პარიზში და ბრიუსელში ყოფნა სწორედ ამას ემსახურება!" – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უკრაინის მიმართ მხარდაჭერის ჟესტების ჩამონათვალს, რომელშიც პრეზიდენტის მიერ ადმინისტრაციის შენობაზე უკრაინის დროშის გადმოფენაცაა შეტანილი.

კომენტარები