რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მთავრობა: გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევაზე

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გაუგებარს უწოდებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ.

"საზოგადოებას გვსურს განვუმარტოთ, რომ, სამწუხაროდ, არ წყდება საქართველოს ომში ჩაბმის მცდელობები და პროვოკაციები, რომელშიც პირდაპირ ჩართულია დესტრუქციული ოპოზიცია და ნაციონალური მოძრაობა. ამის მიზანია საომარი მოქმედებების დაწყება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს არის მართული პროცესი დესტრუქციული ოპოზიციის და მისი წევრების მხრიდან როგორც თბილისში, ისე კიევში. პროვოკაციული იყო გუშინ, მოხალისეების ჩარტერული რეისით უკრაინაში გაგზავნის დემონსტრაციული მცდელობა, რაც ასევე იყო ორგანიზებული ნაციონალური მოძრაობის მიერ და იქნებოდა აღქმული როგორც საქართველოს საომარ მოქმედებებში ირიბი ჩართვა". – თქვა ადმინისტრაციის უფროსმა, ილია დარჩიაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მტკიცებით, მთავრობის პოზიცია უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის შესახებ კვლავ "უცვლელი" რჩება.

"ყოველივე ამის გათვალისწინებით, გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, საქართველო აგრძელებს და კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში". – თქვა დარჩიაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ზელენსკის თქმით, მიზეზი საქართველოდან მოხალისეების უკრაინაში გამგზავრების ხელშეშლა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე "ამორალური დამოკიდებულებაა".

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმეორებს, რომ ხელისუფლება თანაუგრძნობს უკრაინას, თუმცა საქართველოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება. მან ასევე თქვა, რომ სანქციები ეფექტური არ არის, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება უკრაინის სოლიდარობის აქციის ჩატარებისთვის გააკრიტიკა.

კომენტარები