რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საელჩო: არსებობს კიდევ ბევრი საკითხი, რომელიც უნდა განიხილოს კონსულტაციებისას

ტაბულა

საქართველოში უკრაინის საქმეთა რწმუნებულის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ანდრეი კასანოვა იქნება - ამის შესახებ მან უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა.

ის ასევე შეეხო ვოლოდომირ ზელენსკის მიერ საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის კონსულტაციებისთვის გაწვევის საკითხსაც და თქვა, რომ ამას ორი საკვანძო მიზეზი აქვს: საქართველოს მთავრობის ამორალური პოზიცია საქნციებზე და მოხალისეების უკრაინაში არგაშვება.

"დღეიდან დროებითი რწმუნებულის ფუნქციებს ვახორციელებ. როგორც ცნობილია თქვენთვის, უკრაინის პრეზიდენტმა გაიწვია უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის, ამას ჰქონდა ორი საკვანძო მიზეზი: პირველი არის საქართველოს მთავრობის ამორალური პოზიცია, რომელიც უკავშირდება სანქციებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ იყო დაწესებული უკრაინაში ომის გაჩაღებასთან დაკავშირებით.

მეორე მიზეზია გადაწყვეტილების არმიღება, რომელიც მოხალისეების გაგზავნას უკავშირდება ჩვენი ჯარის დასახმარებლად. არსებობს კიდევ ბევრი საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული კონსულტაციებისას. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ყველაფერი რისი კომენტირებაც შემიძლია აღნიშნულ საკითზე", - თქვა კასანოვამ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ზელენსკის თქმით, მიზეზი საქართველოდან მოხალისეების უკრაინაში გამგზავრების ხელშეშლა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე "ამორალური დამოკიდებულებაა".

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმეორებს, რომ ხელისუფლება უთანაგრძნობს უკრაინას, თუმცა საქართველოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება. მან ასევე თქვა, რომ სანქციები ეფექტური არ არის, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება უკრაინის სოლიდარობის აქციის ჩატარებისთვის გააკრიტიკა.

კომენტარები