უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქალაქ ხარკოვში რუსეთის საოკუპაციო ძალები განზრახ ესროდნენ მშვიდობიან მოსახლეობას.
"რუსული ძალები დღეს სასტიკად ესროდნენ ხარკოვს რეაქტიული არტილერიიდან. ეს ერთმნიშვნელოვნად სამხედრო დანაშაულია. ესროდნენ მშვიდობიანი ქალაქს, მშვიდობიან დასახლებული რაიონებს, არცერთ სამხედრო ობიექტს. ათეულობით თვითმხილველი მოწმობს, რომ ეს არ ყოფილა ცალკეული შემთხვევითი ზალპი, არამედ ადამიანების განზრახ განადგურება. რუსებმა იცოდნენ, საით ისროდნენ. ამ დანაშაულისთვის ნამდვილად იქნება საერთაშორისო ტრიბუნალი. ეს არის ყველა კონვენციის დარღვევა". - ამის შესახებ მან სპეციალურ განცხადებაში ისაუბრა.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 28 თებერვალს, მოლაპარაკებების პარალელურად ქალაქი ხარკოვის მიმართულებით სარაკეტო და საარტილერიო ცეცხლი გახსნეს, რასაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით კი – დაიჭრა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





