ენერგეტიკა

კონკურენციის სააგენტო კომპანიებს: თავი შეიკავეთ საწვავის სამომავლო ფასების დაკონკრეტებისგან

კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2021 წლის საწვავის ბაზარს აფასებს და კომპანიებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ საწვავის სამომავლო ფასების ცვლილების დაკონკრეტებისგან. 

"საჯარო განცხადება, რომ ფასი შეიცვლება კონკრეტული ციფრით წარმოადგენს ბაზრის დამატებით გამჭვირვალობას და, შესაძლოა, მოიცავდეს სენსიტიურ მონაცემებს. გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ამგვარი განცხადება შესაძლებელია განხილულ იქნეს, როგორც კონკურენციის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევა".

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის განცხადება ადგილობრივი ბენზინგასამართი სადგურების მიერ უკანასკნელ პერიოდში არაერთხელ იქნა გავრცელებული. თებერვალში კომპანია WISSOL-ის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხორავამ თქვა, რომ საქართველოში საწვავის ფასები, დაახლოებით, 20-25 თეთრით გაიზრდებოდა.
 
მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ქვეყანაში საერთო ჯამში იმპორტირებულია 1.45 მილიარდი ლიტრი ბენზინი და დიზელი, რაც 7.2% -ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა თურქმენეთიდან - 22.1%, რომელსაც მოჰყვება რუსეთის ფედერაცია 19.2%-ით და რუმინეთი 18.2 პროცენტით. საერთო იმპორტის 45.7% შეადგინა დიზელის ტიპის საწვავმა, ხოლო 54.3% ბენზინის. ბენზინის ტიპის საწვავიდან, ყველაზე მოთხოვნად სახეობას წარმოადგენდა რეგულარის მარკის საწვავი, რომლის პროცენტულმა წილმა ბენზინის სახეობებში 64% შეადგინა, ხოლო საერთო იმპორტში - 34.9 პროცენტი.

კონკურენციის სააგენტოს შეფასებით, 2021 წელს საავტომობილო საწვავის ბაზარზე კონკურენტული გარემო გაჯანსაღებულია, უკანასკნელ პერიოდში კი ბაზარზე წარმოდგენილი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა გაზრდილია.

"2013 წლიდან ბაზარზე დადებითი ცვლილებები შეინიშნება როგორც ბენზინის და დიზელის იმპორტის, ასევე საბითუმო და საცალო რეალიზაციის მიმართულებით. 2012 წელს ბაზრის იმპორტის დონეზე წარმოდგენილი იყო 8 ეკონომიკური აგენტი, 2021 წელს მათი რიცხვი 39–ია. საცალო ბაზარზე 5 ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი 58%–ია, მაშინ როდესაც, 2013 წელს მხოლოდ 5 იყო.  

2015 წლიდან 29%-ით გაზრდილია ავტოგასამართი სადგურების რიცხვი და ის 1232-ია, საიდანაც 5 მსხვილი კომპანია ოპერირებას უწევს მათ 40 პროცენტს. იმპორტის დონზე ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია, საბითუმო და საცალო დონეზე დაბალკონცენტრირებული, ცვლილება მოხდა ხუთეულშიც, რაც მიუთითებს აქტიურ კონკურენციაზე".
 

კომენტარები