დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

"უკრაინელ ხალხს მშვიდობა სურს" – ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა რუსებსა და უკრაინელებს

მას შემდეგ, რაც დონბასის მარიონეტულმა რეჟიმებმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო დახმარება სთხოვეს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ და რუს ხალხს მიმართა. 

დიდი ქვეყნის დიდო ხალხო! როგორც დაგპირდით - მოკლედ და გულწრფელად. დღეს ჩვენ გავაძლიერეთ სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობა და სტაბილურობა. ჩვენი მეომრების ზურგის დასაფარად, რომლებიც გვიცავენ. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე 30 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადეთ. ამ გადაწყვეტილებას მხარი 335-მა დეპუტატმა დაუჭირა. დიდმა თავდაცვის კოალიციამ მუშაობა დაიწყო. რადამ ასევე მიიღო გადაწყვეტილებების პაკეტი თავდაცვის სექტორის დაფინანსების დამატებითი რესურსების შესახებ. ხვალ ყველა დეპუტატი რეგიონებში გაემგზავრება ჩვენი ხალხის მხარდასაჭერად. 

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მაქსიმალურად არიან მობილიზებულნი უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ მოვახერხეთ მათი დარწმუნება პრევენციული სანქციების შემოღებაში. გუშინ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დამატებითი პაკეტი დააწესა. დღეს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის წინააღმდეგ. რუსეთის წინააღმდეგ პირადი და ეკონომიკური სანქციების პაკეტი ევროკავშირმაც დაამტკიცა. ახალი სანქციები ასევე დაამტკიცეს იაპონიის და ავსტრალიის მთავრობებმა. დღეს მე ვესაუბრე ნიდერლანდების პრემიერმინისტრ მარკ რუტეს. მან დარწმუნებით განაცხადა, რომ მათი ქვეყანაც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს. დღეს კიევში შევხვდი პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას და ლიტვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას. შეხვედრის შემდეგ ხელი მოვაწერეთ ერთობლივ შემაჯამებელ განცხადებას. მასში ნათქვამია, რომ ჩვენი პოლონელი და ლიტველი მეგობრები მხარს უჭერენ უკრაინის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. დღეს ჩვენ მოვუწოდეთ გაეროს გენერალურ ასამბლეას, მიიღოს კონკრეტული ზომები - უკრაინაში საერთაშორისო სამშვიდობო მისია გამოგზავნოს. შევხვდი უკრაინის მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს. ჩვენ შევთანხმდით: ყველანი უკრაინაში რჩებიან თავიანთი გუნდების გვერდით. ისინი მუშაობენ უკრაინის დასაცავად. ჩვენ შევთანხმდით ყველა პოლიტიკურ ძალასთან - უახლოეს მომავალში რადამ უნდა დაამტკიცოს ეკონომიკური კანონების პაკეტი ეკონომიკური პატრიოტიზმი, მადლობა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება. ვაგრძელებთ მუშაობას!" - მიმართა ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს.  

უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან საუბარი სურდა, თუმცა პასუხად დუმილი მიიღო. ამიტომ, ზელენსკიმ რუს ხალხს მიმართა:  

დღეს მსურდა ტელეფონით საუბარი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან. პასუხი დუმილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დონბასშიც დუმილი უნდა იყოს. ამიტომ, დღეს მინდა, რუსეთის ყველა მოქალაქეს მივმართო. არა როგორც პრეზიდენტმა, არამედ როგორც უკრაინის მოქალაქემ. თქვენთან გვყოფს ორი ათას კილომეტრზე მეტი საერთო საზღვარი - მის გასწვრივ დღეს თქვენი ჯარები დგანან, თითქმის ორასი ათასი ჯარისკაცი და ათასობით საბრძოლო მანქანა. თქვენმა ხელმძღვანელობამ ბრძანება გასცა, რომ მათ წინ გადადგან ნაბიჯი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს ნაბიჯი შეიძლება იყოს დიდი ომის დასაწყისი ევროპის კონტინენტზე.   

იმის შესახებ, რაც შეიძლება ნებისმიერ დღეს მოხდეს, მთელი მსოფლიო საუბრობს. მიზეზი შეიძლება ნებისმიერ დროს წარმოიშვას - ნებისმიერი პროვოკაცია, ნებისმიერი აფეთქება. თქვენ გეუბნებიან, რომ ეს უკრაინელ ხალხს გათავისუფლებას მოუტანს, მაგრამ უკრაინელი ხალხი თავისუფალია. მას ახსოვს საკუთარი წარსული და თავად აშენებს საკუთარ მომავალს. აშენებს და არა ანადგურებს, როგორც ამას ყოველდღე გეუბნებიან ტელევიზიით. უკრაინა თქვენს ახალ ამბებსა და უკრაინა რეალურ ცხოვრებაში ორი სრულიად განსხვავებული ქვეყანაა. მთავარი განსხვავება კი ისაა, რომ ჩვენი რეალურია. 

თქვენ გეუბნებიან, რომ ჩვენ ნაცისტები ვართ, თუმცა როგორ შეუძლია ნაციზმს მხარი დაუჭიროს ხალხმა, რომლებმაც რვა მილიონზე მეტი ადამიანი გასწირეს ნაციზმზე გამარჯვებისთვის? როგორ შემიძლია, ვიყო ნაცისტი? უთხარი ჩემს ბაბუას ამის შესახებ, რომელიც ომის დროს საბჭოთა არმიაში იყო - ის გარდაიცვალა, როგორც პოლკოვნიკი დამოუკიდებელ უკრაინაში. გვეუბნებიან, რომ ჩვენ გვძულს რუსული კულტურა - როგორ შეიძლება, გვძულდეს კულტურა? მეზობლები კულტურით ყოველთვის ამდიდრებენ ერთმანეთს, თუმცა ეს მათ ერთად არ აქცევს. ჩვენ განსხვავებულები ვართ, თუმცა ეს არ არის მტრობის მიზეზი.  ჩვენ გვსურს, რომ ავაშენოთ საკუთარი ისტორია -  მშვიდობიანად, მშვიდად და პატიოსნად. 

თქვენ გითხრეს, რომ ბრძანებაა დონბასზე თავდასხმა, სროლა და დაბომბვა. თუმცა, არის ძალიან მარტივი კითხვები - ვის ესვრით? ვის ბომბავთ? დონეცკს, სადაც ათჯერ ვყოფილვარ? მინახავს სახეები და თვალები? არტემი, სადაც მეგობრებთან ერთად დავდიოდი? შჩერბაკოვის პარკი, სადაც ერთად ვსვამდით, როდესაც ბიჭებმა წააგეს? ლუგანსკი, სახლი, სადაც ჩემი საუკეთესო მეგობრის დედა ცხოვრობს? სადაც არის დაკრძალული ჩემი საუკეთესო მეგობრის მამა? გაითვალისწინეთ, რომ ახლა რუსულად ვსაუბრობ, თუმცა რუსეთში არავის ესმის. ეს ქუჩები, სახელები, მოვლენები - ეს ყველაფერი თქვენთვის უცხოა. რისთვის იბრძოლებთ? ვისთან ერთად? ბევრი თქვენგანი ნამყოფია უკრაინაში, ნათესავები ჰყავს უკრაინაში, ვიღაც უკრაინის უნივერსიტეტში სწავლობდა. თქვენ იცით ჩვენი ხასიათი, თქვენ იცით ჩვენი პრინციპები - მოუსმინეთ საკუთარ თავს, გონიერების ხმას, საღ აზრს, მოგვისმინეთ ჩვენ. უკრაინელ ხალხს მშვიდობა სურს. სურს და აკეთებს ამას. აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია. ჩვენ არ ვართ მარტო - ამ საკითხში უკრაინას მხარს ბევრი ქვეყანა უჭერს. რატომ? იმიტომ, რომ ეს არ არის მშვიდობა ნებისმიერ ფასად, საუბარია მშვიდობასა და პრინციპებზე, სამართლიანობაზე, საერთაშორისო სამართალზე, თვითგამორკვევის უფლებაზე, საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლებაზე, ყოველი საზოგადოების უსაფრთხოების უფლებასა და ყოველი ადამიანის უფლებაზე, იცოცხლოს საფრთხის გარეშე. ეს ყველაფერი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვისაც.  

ჩვენ ზუსტად ვიცით: არაფერში გვჭირდება ომი, არც ცივი და არც ცხელი, არც ჰიბრიდული, მაგრამ თუ ჩვენ თავს დაგვესხმებიან, თუ დააპირებენ წაგვართვან ჩვენი ქვეყანა, ჩვენი თავისუფლება, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი შვილების სიცოცხლე - ჩვენ თავს დავიცავთ. თავდასხმისას თქვენ ჩვენს სახეს დაინახავთ და არა ზურგს.

ომი დიდი უბედურებაა და ამ უბედურებას დიდი ფასი აქვს. ყველა გაგებით. ადამიანები კარგავენ ფულს, რეპუტაციას, ცხოვრების ხარისხს. კარგავენ თავისუფლებას. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ადამიანები კარგავენ ახლობლებს. ომში არასდროს არაფერია საკმარისი, რაც საკმარისია, ეს არის - ტკივილი, ჭუჭყი, სისხლი და სიკვდილი. ათობით ათასი სიკვდილი. თქვენ გეუბნებიან, რომ უკრაინა საფრთხეა რუსეთისთვის. ეს ასე არ ყოფილა წარსულში, არ არის ახლა და არ იქნება მომავალში. თქვენ ითხოვთ უსაფრთხოების გარანტიებს NATO-სგან. და ჩვენ ვითხოვთ უსაფრთხოების გარანტიებს თქვენგან, რუსეთისგან და ბუდაპეშტის მემორანდუმის სხვა გარანტორებისგან. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ყველა ალიანსის მიღმა. ამიტომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ მთელი ევროპის უსაფრთხოებაზე. მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანია მშვიდობა უკრაინაში და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. 

ამისთვის ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ ამაზე ყველასთან. სხვადასხვა ფორმატსა და ტრიბუნაზე. ომი მოუსპობს გარანტიებს ყველას. უსაფრთხოების გარანტიები აღარავის ექნება. ვინ დაზარალდება ყველაზე მეტად? ხალხი. ვის არ სურს ეს ყველაზე მეტად? ხალხს. ვის არ შეუძლია ამის დაშვება? ხალხს. არიან თუ არა თქვენ შორის ასეთი ადამიანები? მე დარწმუნებული ვარ, რომ კი. საზოგადო მოღვაწეები, ჟურნალისტები, მუსიკოსები, მსახიობები, სპორტსმენები, მეცნიერები, ბლოგერები, სთენდაფერები, ტიკტოკერები და სხვა მრავალი. ჩვეულებრივი ხალხი. კაცები. ქალები. მოხუცები. ბავშვები. მამები. და რაც მთავარია, დედები! ზუსტად ისევე, როგორც უკრაინაში. ვიცი, რომ ეს მიმართვა რუსულ ტელევიზიებში არ მოხვდება, მაგრამ რუსეთის მოქალაქეებმა ეს უნდა ნახონ. მათ უნდა გაარკვიონ სიმართლე. სიმართლე ისაა, რომ უნდა გაჩერდნენ, სანამ გვიან არ არის. თუ რუსეთის ხელისუფლებას არ სურს მშვიდობისთვის ჩვენთან ერთად სუფრაზე ჯდომა, იქნებ თქვენთან ერთად დასხდნენ? უნდათ რუსებს ომი? ძალიან მსურს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, თუმცა პასუხი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე. 

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ. 

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, სანქციები დაუწესეს ორ ყველაზე დიდ ფინანსურ ინსტიტუციას – VEB-ს და სამხედრო ბანკს. ასევე, "ყოვლისმომცველი სანქციები" დაწესდა რუსეთის სუვერენულ ვალზე. 

22 თებერვალს აშშ-ს გარდა რუსეთს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმაც. ევროკავშირის სანქციები რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო, დიდი ბრიტანეთის კი 5 ბანკს და სამ მილიარდერს. გერმანია კი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის ამოქმედებას აჩერებს. რუსეთს სანქციებს უწესებს იაპონია და კანადაც. 

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები