თავისუფლება უკრაინას – BILD-მა გაზპრომის ლოგოტიპის დემონსტრირებაზე უარი თქვა

Bild

გერმანულმა გამოცემა Bild-მა რუსული კომპანიის, გაზპრომის ლოგოტიპის დემონსტრირებაზე უარი თქვა. 

გაზპრომის ლოგოტიპი წარმოდგენილია საფეხბურთო კლუბ შალკეს ფორმაზე. პოპულარულმა გამოცემამ ფოტოზე, რომელზეც შალკეს ფეხბურთელები არიან აღბეჭდილები, ლოგოტიპი წარწერით "თავისუფლება უკრაინას" ჩაანაცვლა. რედაქციის განმარტებით მომავალ ნომრებშიც მოერიდებიან, თუნდაც ირიბი გზით, გაზპრომის რეკლამირებას.

"რთული შეგუება იმ ფაქტთან, რომ იძულებულები ვართ ვუყუროთ გაზპრომის რეკლამას ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის მოსმენისას, როდესაც პუტინის ჯარი უკრაინაში შეჭრას აპირებს". – წერია გამოცემის საიტზე.

მეორე ბუნდესლინგის გუნდი გელხენკირხენის შალკესთვის ახალი სპონსორის მოძებნაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მორიგი ტალღა წამოიწყო.

გარდა ამისა ინგლისური სპორტული პრესა UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის სანქტ-პეტერბურგიდან სხვა ქალაქში გადატანისკენ მოუწოდებს. ინიციატივას მხარს უჭერს ინგლისის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი.

კომენტარები