საქართველოს მეცნიერებათა აკადემია

უდიდესი გეოპოლიტიკური ტრაგედია იყო სსრკ-ს დაშლა –​​​​​​​ მეცნიერებათა აკადემიის ოქმი

იანვარში მეცნიერებათა აკადემიაში ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა ჩატარდა. სხდომაზე ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა, თეიმურაზ ფაჩულიამ წარადგინა მოხსენება – ქართული გეოპოლიტიკური სკოლის პარადიგმები. მოხსენებაში ფაჩულია აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური ტრაგედია იყო. ამავე შინაარსის სიტყვები რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 2005 წელს რუსეთის ფედერალური კრებისთვის მიმართვაში თქვა.

"პირველ რიგში უნდა ვაღიაროთ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საუკუნის უმსხვილესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო. რუსი ერისთვის ეს ნამდვილი დრამა გახდა." – თქვა პუტინმა 2005 წელს.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საიტზე სხდომის ოქმში მოყვანილია ამონარიდი თეიმურაზ ფაჩულიას მოხსენებიდან:

"როდესაც ვსაუბრობთ ქართული გეოპოლიტიკური სკოლის პარადიგმებზე, მხედველობაშია ქართული ფილოსოფიური სკოლა; ეს არის ძალიან აქტუალური საკითხი, რომელიც აწუხებს ნებისმიერ ერს. ჩვენ უნებლიედ ვართ გეოპოლიტიკაში ჩართულები და ამისგან დისტანცირებას ვერასოდეს ვერ მოვახდენთ. ეს არის გარკვეული ერის ინტერესების გატარება კონკრეტულ რეგიონში. მაგალითისთვის ავიღოთ რუსეთი, რომელიც მადნეულის და წიაღისეულის ულევი წყაროა და მისი ინტერესი დიდ ბრიტანეთს აქვს, ასევე ამერიკასაც.

XX საუკუნის გეოპოლიტიკური უდიდესი ტრაგედია იყო საბჭოთა კავშირის დაშლა.

საერთოდ, მსოფლიოში არსებობს სხვადასხვა გეოპოლიტიკური სკოლები, რომელთათვისაც საერთოა იმპერიალისტური სკოლა და იდეოლოგია, ეს იქნება ინგლისური, ამერიკული, ფრანგული თუ სხვა.

რაც შეეხება იმპერიალიზმს, ეს არის პოლიტიკა, რომელიც ახასიათებს ნებისმიერ ფორმაციას, რომელიც არ გამოუვიდა არც ნაპოლეონს, არც ჰიტლერს და არ გამოუვა არც ამერიკას. ასეთი ეკონომიკური რესურსი არცერთ სახელმწიფოს არა აქვს.

ბევრი ფიქრობს, რომ ქართული გეოპოლიტიკური სკოლა არ არსებობს, სინამდვილეში კი, არსებობს. იგი არის უფრო ძირძველი ვიდრე არის ამერიკული, ინგლისური და ა. შ. ეს არის უდიდესი ტრადიციების სკოლა, მოყოლებული ფარნავაზ მეფიდან და დავით აღმაშენებლიდან.

ქართული მეცნიერება და კულტურა ამ მიმართულებით ყოველთვის ვითარდებოდა.

საქართველო კი მდებარეობს გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე.

ეროვნული დამოუკიდებლობა, თავისუფლება არის უმაღლესი ღირებულება, რასაც ემსახურებოდა ქართველი ერი და რასაც ემსახურება საბოლოო ჯამში ქართული გეოპოლიტიკა".

2021 წელს მეცნიერებათა აკადემიის დაფინანსება 4 250 000 ლარი იყო. 2022 წელს კი მეცნიერებათა აკადემია საქართველოს მოქალაქეებს  4 434 000 ლარი დაუჯდებათ.

კომენტარები