დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ОДКБ: ჰიპოთეტურად, შეიძლება უკრაინაში ჯარების გაგზავნა წარმოვიდგინოთ

სტანისლავ ზასი
Reuters

 

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივნის სტანისლავ ზასის თქმით, თუ იარსებებს უკრაინის სურვილი და საერთაშორისო მანდატი, ორგანიზაციას შეუძლია უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნა. ზასმა საკითხზე Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"ჰიპოთეტურად, შეიძლება უკრაინაში ჯარების გაგზავნის წარმოდგენა, თუ იქნება უკრაინის სურვილი, ბოლოს და ბოლოს ეს მათი ტერიტორიაა, ასევე თუ იქნება გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატი, თუ იქნება ასეთი საჭიროება და თუ ყველა წევრი მთავრობა თანახმა იქნება." - თქვა ზასმა.

ორგანიზაციის გენერალური მდივნის თქმით, მდგომარეობა უკრაინაში მარტივად არ ნორმალიზდება და საჭირო იყო მოლაპარაკებები.

"არ მგონია, რომ სიტუაცია იმას დაუბრუნდება რაც იყო, როცა ტანკები თავის ბაზებზე და სამხედროები თავის ბარაკებში იყვნენ. ეს არ მოხდება. უნდა იყოს შეთანხმება, რომ საჭიროა მაგიდასთან დაჯდომა და რაღაცაზე მოლაპარაკება. ესაა რეალობა" - თქვა ზასმა.

ზასის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ძალის გამოყენებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე კარგად დაფიქრდება.

"ჩვენ კოლოსალური პოტენციალი გვაქვს ხელში. ყველას გვესმის, რომ ამ სკალპელთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. [..] დამიჯერეთ რამდენიც საჭიროა, იმდენი [მებრძოლის] გაგზავნა შეგვიძლია. თუ საჭიროა 3 000, გავგზავნით. თუ საჭიროა 17 000, გავგზავნით. თუ ამაზე მეტი იქნება საჭირო, მეტი იქნება. იქნება იმდენი, რამდენიც საჭიროა." - თქვა ზასმა.

2021 წლის იანვარში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ძალები ყაზახეთში საპროტესტო აქციების ჩასახშობად იყო გაგზავნილი.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. 18 თებერვალსვე უკრაინის ოკუპირებულ ტერიორიებზე დონეცკსა და ლუგანსკში  მარიონეტმა ლიდერებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს და მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისკენ მოუწოდეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ დონეცკში რუსული სპეცსამსახურები რამდენიმე სამოქალაქო ობიექტის აფეთქებასა და ამაში უკრაინის დადანაშაულებას აპირებენ.

დონეცკის მარიონეტი ლიდერის ბრალდებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს იყრიან ოკუპირებული დონბასის შემოგარენში და მზად არიან თავდასხმისთვის. აქამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა მიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდასხმას არ აპირებენ.

დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები 18 თებერვალსაც გაგრძელდა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.

პარალელურად, უკრაინის საზღვრებთან კვლავ განლაგებულია 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო. აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსი სამხედროების ნაწილი, გასვლის ნაცვლად, უკრაინის საზღვრებს უფრო უახლოვდებიან და სისხლის მარაგებს ავსებენ.

კომენტარები