ალეკ ბოლდუინი

რა მოხდა RUST-ის გადასაღებ მოედანზე – პროკურორმა საქმის დეტალებზე ილაპარაკა

7News

2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ სანტა-ფეში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს, 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა. 

რამდენიმე დღის წინ ჰატჩინსის ოჯახმა გადამღები ჯგუფის რამდენიმე წევრს, მათ შორის ალეკ ბოლდუინს (ბოლდუინი ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერიც არის) სასამართლოში უჩივლა. საჩივარში წერია, რომ ფილმის შემქმნელებმა დაარღვიეს უსაფრთხოების რამდენიმე წესი. მიმდინარეობს გამოძიება, ბოლდუინი, სხვებთან ერთად სამართალდამცავებთან თანამშრომლობს, მაგრამ საკუთარ თავს დამნაშავედ არ თვლის.

გამოცემა Vanity Fair-ს სანტა-ფეს პროკურორმა მერი კარმიკ-ალთვისმა ინტერვიუ მისცა, რომელშიც საქმის რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე ილაპარაკა.

იარაღის სპეციალისტი

გადაღებების დაწყებამდე ფილმის შემქმნელები მოლაპარაკებას აწარმოებთან გამოცდილ რეკვიზიტორთან, ნილ ზორომსკისთან, რომელმაც საბოლოოდ პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა. 

"ისინი ძალიან ჩქარობდნენ. გადასაღებ მოედანზე ორი რეკვიზიტორი იყო და არც ერთი იარაღის სპეციალისტი. როგორც წესი იარაღი ცალკე ადამიანს აბარია, პროდიუსერებს სურდათ იარაღზეც მე მეზრუნა, რაზეც უარი ვუთხარი". – იხსენებს ზორომსკი.

ზორომსკის უარის შემდეგ იარაღის სპეციალისტის თანამდებობა გამოუცდელმა ჰანა გუტიერეს-რიდმა დაიკავა, რომელიც თავდაპირველად რეკვიზიტორის ასისტენტად განიხილებოდა.

მარჯვნივ ჰანა გუტიერეს-რიდი

საბრძოლო ვაზნები

დღემდე უცნობია, თუ როგორ მოხვდა გადასაღებ მოედანზე საბრძოლო ვაზნები. მომხდარი ტრაგედიიდან ცოტა ხანში იარაღის სპეციალისტმა გუტიერეს-რიდმა სასამართლოში უჩივლა ვაზნების მომწოდებელ კომპანიას Arm & Prop. რიდის თქმით მომწოდებელმა კომპანიამ გაუგებარი მიზეზით რეკვიზიტში საბრძოლო ვაზნები გაურია. საქმის გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ვერსიის არ სჯერა პროკურორ კარმიკ-ალთვისს:

"საუბარია საბოტაჟზე, თითქოს ვიღაცამ განზრახ შემოაპარა საბრძოლო ვაზნები გადასაღებ მოედანზე, ჩემთვის ეს ვერსია ნაკლებად დამაჯერებელია. საქმეს FBI იძიებს და ექსპერტიზის პასუხები მალე გვექნება". 

მთავარი რეკვიზიტორის, სარა ზაჰრის თქმით ფილმისთვის ვაზნები რამდენიმე კომპანიისგან შეიძინა, შესაბამისად რთულია იმის დამტკიცება, რომ საბრძოლო ვაზნა გადასაღებ მოედანზე Arm & Prop-ის ბრალით მოხვდა.

ვინ დატენა იარაღი?

პროკურორის თქმით იარაღის ვაზნებით დატენვა და შემოწმება გუტიერეს-რიდის პირდაპირი მოვალეობა იყო. იარაღის სპეციალისტის ბრალს უარყოფს ადვოკატი.

"ის არ იყო გამოუცდელი. ჩემი კლიენტისგან რეალურად ორი საქმის ერთად კეთებას ითხოვდნენ. მას გამუდმებით რაციით ერთმანეთისგან განსხვავებულ დავალებებს აძლევდნენ. ასეთ სტრესში მუშაობა წარმოუდგენელია. გადასაღებ მოედანზე ნამდვილი ქაოსი სუფევდა. მას მოსთხოვეს იარაღის სასწრაფოდ მოტანა და პრაქტიკულად შემოწმების დრო არ დაუტოვეს, რთულია კონცენტრირდე, როდესაც ყურში გაუჩერებლად გესმის "მოიტანე იარაღი!, მოიტანე იარაღი! მოიტანე იარაღი!", გარდა ამისა საბრძოლო ვაზნა არათუ რევოლვერში, გადასაღებ მოედანზეც არ უნდა ყოფილიყო". – ამბობს გუტიერეს-რიდის ადვოკატი.

ვინ მისცა იარაღი მსახიობს?

გამოძიებას ორი ვერსია აქვს. ერთის მიხედვით ბოლდუინს იარაღი თავად გუტიერეს-რიდმა გადასცა, მეორეს თანახმად რევოლვერი მსახიობს რეჟისორის ასისტენტმა დეივ ჰოლსმა მისცა. 

"გუტიერეს-რიდის ადვოკატები ამბობენ, რომ მათმა კლიენტმა იარაღი ჰოლსს დაუტოვა და გადასაღები მოედანი დატოვა. მეორეს მხრივ ლისა ტორაკოს თქმით, რომელიც ამ საქმეში ჰოლსის ინტერესებს იცავს, რევოლვერი ალეკ ბოლდუინს თავად იარაღის სპეციალისტმა მისცა". – ამბობს პროკურორი.

"ის არ იყო წნეხის ქვეშ და არ ცდილობდა თავის გამოჩენას. აკეთებდა მხოლოდ იმ საქმეს, რომელიც ევალებოდა". – ამბობს ტორაკო.

გასროლა

2021 წლის დეკემბერში მიცემულ ინტერვიუში ალეკ ბოლდუინმა განაცხადა, რომ სასხლეტისთვის ხელი არ გამოუკრავს, მან მხოლოდ ჩახმახი მოზიდა და იარაღმა თავისით გაისროლა. მსახიობმა ასევე აღნიშნა, რომ არაფერი იცოდა მე-19 საუკუნის რევოლვერების მუშაობის პრინციპზე.

პროკურორის თქმით ერთ-ერთ გამომძიებელს სახლში იგივე ეპოქის იარაღი აღმოაჩნდა. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, დეტექტივმა ბოლდუინის მიერ აღწერილი ქმედება გაიმეორა და რევოლვერმა გაისროლა. 1850-იან წლებში წარმოებულ კოლტის ფირმის იარაღიდან გასასროლად ჩახმახის მოზიდვაც საკმარისი აღმოჩნდა. 

მიუხედავად ამისა ბოლდუინს გარდაცვლილის ოჯახი დაუდევრობაში სდებს ბრალს. მათი თქმით იმ მომენტში მას რევოლვერი საერთოდ არ უნდა გამოეყენებინა, კამერა ჩართული არ იყო და ოპერატორი არაფერს იღებდა. ამიტომ გაუგებარია რატომ მოიმარჯვა და რატომ მიმართა რევოლვერი მსახიობმა გადამღები ჯგუფის სხვა წევრების მიმართულებით.

კომენტარები