დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბლინკენი: რუსეთი ცდილობს შექმნას ცრუ პროვოკაცია, ამის მაგალითია საქართველო

ენტონი ბლინკენი
AP

"მანამ, სანამ ასეთ სოლიდარობას შევინარჩუნებთ, რომელი გზაც არ უნდა აირჩიოს პრეზიდენტმა პუტინმა, ნებისმიერ ვითარებაში მზად ვიქნებით პასუხის გასაცემად". – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მიუნხენის უსაფრთხოების სამიტზე ისაუბრა. 

ბლინკენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა განცხადებები გააკეთა შეიარაღებული ძალების უკან დახევასთან დაკავშირებით, ვხედავთ, რომ საზღვრებთან დამატებითი ძალები მიემართებიან.

"რაც ჩვენ გასულ 24-48 საათში ვნახეთ, არის რუსეთის სცენარის ნაწილი, რაც უკვე ძალაშია, რომ შექმნას ცრუ პროვოკაცია. შემდეგ მოუწევთ პასუხის გაცემა და ამის შემდეგ ჩაიდენენ ახალ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ სრულად მზად ვართ დიპლომატიისთვის, თუმცა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს წარსული. შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ 2014 წელი და ასევე 2008 წელი საქართველოში. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ფაქტები და ფაქტები ასეთია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ბოლო დღეებში შეიარაღებული ძალების უკან დახევასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადებები, საპირისპიროდ, ვხედავთ, როგორ მიემართებიან დამატებითი ძალები უკრაინის საზღვრებისკენ.  ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, სიძლიერის ყველაზე ძლიერი წყარო რაც გვაქვს, არის სოლიდარობა, რაზეც ანალენამ ისაუბრა. ვფიქრობ, პრეზიდენტი პუტინი გაოცებული დარჩა ასეთი სოლიდარობით, ნატოსა და ევროკავშირის ერთიანობით". – თქვა ბლინკენმა

უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობის პარალელურად, აღმოსავლეთ უკრაინაში მოვლენები მწვავდება. დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები 18 თებერვალსაც გაგრძელდა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსი სამხედროების ნაწილი, გასვლის ნაცვლად, უკრაინის საზღვრებს უფრო უახლოვდებიან და სისხლის მარაგებს ავსებენ.

კომენტარები