ბელარუსი

ლუკაშენკო: ტერიტორიის დასაცავად არამხოლოდ ბირთვულ, არამედ ზებირთვულ იარაღსაც განვათავსებთ

ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, თუ დასავლეთი უაზრო და გაუგებარი ნაბიჯების გადადგმას განაგრძობს, ბელარუსი არამხოლოდ ბირთვულ, არამედ ზებირთვულ იარაღსაც განათავსებს. ამის შესახებ ლუკაშენკომ, რუსულ-ბელარუსული ერთობლივი წვრთნების მონახულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"აუცილებლობის შემთხვევაში, თუ ჩვენი მოწინააღმდეგეები უაზრო და გაუგებარი ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებენ, საკუთარი ტერიტორიის დასაცავად, არამხოლოდ ბირთვულ, არამედ ზებირთვულ იარაღსაც განვათავსებთ". - თქვა ლუკაშენკომ.

პარალელურად, ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ თუ ბელარუსი არამეგობრული ქვეყნებისგან საფრთხეს არ იგრძნობს, ბელარუსს ბირთვული იარაღი "100 წელი არ დასჭირდება".

გასული წლის ნოემბერში ლუკაშენკომ განაცხადა, რომ თუ პოლონეთში ამერიკული ბირთვული ქობინები გამოჩნდება, ბელარუსი რუსეთს საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებას შესთავაზებს.

გარდა ამისა, ლუკაშენკომ თქვა, რომ ბელარუსი საკუთარ ტერიტორიაზე რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემების C 400-ის განთავსებას განიხილავს.

კომენტარები