უმცირესობების უფლებები

47%-მდე გაიზარდა ადამიანების წილი, რომლებიც LGBT უფლებათა დაცვას მნიშვნელოვნად მიიჩნევს – კვლევა

ტაბულა

საქართველში ევროპის საბჭოს ოფისმა უმცირესობების შესახებ 2018-2021 წლებში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიგნებების თანახმად, ქვეყანაში ადამიანები უფრო მეტად არიან განწყობილი პოზიტიურად უმცირესობებისადმი, მაგრამ კანონებისა და სამართლებრივი რეაგირების მექანიზმების შესახებ ინფორმირებულობის დონე უცვლელია.

კვლევის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით საზოგადოება უფრო მეტად გათვითცნობიერებულია და მეტი მიმღებლობა აქვს უმცირესობების უფლებების მიმართ. 2018 წელს 33%-დან 2021 წელს 47%-მდე გაიზარდა იმ ადამიანების წილი, რომლებიც LGBT თემის უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ასევე, იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც თვლიდა, რომ LGBT უფლებების დაცვა უმნიშვნელო იყო, შემცირდა 44%-დან 2018 წელს 29%-მდე 2021 წელს.

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ ქართულ საზოგადოებაში არსებული მრავალფეროვნების შესახებ ინფორმირებულობის დონე და ამ საკითხის მიმართ დადებითი დამოკიდებულება 2018-დან 2021 წლამდე გაზრდილია. ზოგადად მრავალფეროვნების მიმართ დადებითი დამოკიდებულება 56-დან 70% გაიზარდა და 14%-იანი სხვაობა დაფიქსირდა. 2018 წელს ამ კითხვაზე ყველაზე ხშირი, კერძოდ, რესპონდენტთა 36 %-ის პასუხი იყო: "არ ვიცი" ან "არ მახსენდება უმცირესობათა არცერთი ჯგუფი". 2021 წელს კი მხოლოდ 28%  გაიმეორა იგივე, შესაბამისად, 8%-ნი სხვაობა გამოვლინდა.

ევროპის საბჭოს ოფისის კვლევით, ადამიანებს ახლა უფრო უადვილდებათ უმცირესობის ჯგუფის დასახელება, როცა ეკითხებიან პირველად რომელი ჯგუფი ახსენდებათ, როცა უმცირესობებზე ფიქრობენ. საზოგადოებას ახლა უფრო დადებითი დამოკიდებულება აქვს ზოგადად, მრავალფეროვნების და ასევე ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების მიმართ. ეთნიკური მრავალფეროვნების კუთხით მონაცემები დადებითი დამოკიდებულების 12 %-იან ზრდაზე მიუთითებს – 56-დან 68 %-მდე, ხოლო რელიგიური მრავალფეროვნების შემთხვევაში 14 %-იან ზრდაზე – 46-დან (2018 წელი) 60 %-მდე (2021 წელი).

"მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დამოკიდებულება მრავალფეროვნების მიმართ სულ უფრო პოზიტიური ხდება, დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოს კანონმდებლობის ინფორმირებულობის კუთხით მცირე თუ რაიმე ცვლილება შეინიშნება. ასევე, უცვლელი რჩება რეაგირების მექანიზმებისა და მათი ეფექტიანობის შესახებ ინფორმირებულობა და შეხედულებები". – ვკითხულობთ კვლევაში.

კომენტარები