მეორე მე

რას წერენ უცხოური გამოცემები გიგა აგლაძისა და დევიდ ლინჩის ერთობლივ ფილმზე

Queer Review

24 თებერვალს საქართველოს კინოთეატრებში ახალი ქართული ფილმის, მეორე მე/Other Me-ს პრემიერა გაიმართება. სურათის რეჟისორია გიგა აგლაძე, ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერი კი დევიდ ლინჩია.

მისტიკურ დრამას რამდენიმე უცხოენოვანი გამოცემა გამოეხმაურა, გთავაზობთ Other Me-ს რამდენიმე შეფასებას.

"უკანასკნელად როდის გაერთეთ თავსატეხის ამოხსნით? როდესაც მეორე მეს ნახავთ გაგიჩნდებათ კითხვა თუ რის შესახებ იყო გადაღებული ეს, თუ ის სცენა.

ირაკლი (ჯიმ სტარჯესის პერსონაჟი) 30 წლის ბარმენი და იმედგაცრუებული მხატვარია, რომელიც დაოჯახებულია ნუცაზე (ანტონია კემპბელ-ჰიუზის პერსონაჟი). საწყალ ირაკლის თვალის იშვიათი დაავადება აღმოაჩნდება, რომელიც დროსთან ერთად მთავარ გმირს აბრმავებს. სიბრმავესთან ერთად ირაკლის ე.წ. სუპერძალა უვითარდება, ის ვეღარ ხედავს რეალურ სამყაროს, სამაგიეროდ თვალი ეხილება ადამიანებზე, ხედავს მათ ნამდვილ არსს. სტარჯესის პერსონაჟი "სუპერძალის" დახმარებით ხვდება, რომ ცოლი საუკეთესო მეგობართან ღალატობს. მეორე მე გაცილებით უფრო ღრმაა ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ფილმი მალევე თავისუფლდება სტანდარტული კინოს ელემენტებისგან. მშვენიერი ფილმი ბევრ გზითა და ბილიკით არის დაქსაქსული, საინტერესოა ამ გზების შესწავლა და სიმართლესთან შედარება. არ ვარ დარწმუნებული რომ არსებობს ერთი, გამოკვეთილად სწორი ინტერპრეტაცია, მაგრამ ყველაზე დიდი მინიშნება ის ქალია, რომელსაც ირაკლი ტყეში ხვდება. სწორედ ეს სცენა არის უდიდესი აღმოჩენის მომენტი ამ ფილმში". – წერს გამოცემა RKS Films-ის კრიტიკოსი რობერტ კ. სტივენსი.

"იდუმალი, უცნაურად მომხიბვლელი ნახევრადეროტიული თავსატეხი თითქოს მალჰოლანდ დრაივისა და ტვინ პიქსის ერთგვარი ნაზავია, ხსენებული ფილმები დევიდ ლინჩის შედევრებია, აქ ცნობილი რეჟისორი პროდიუსერის როლშია, რეჟისორი კი გიგა აგლაძეა. 

დამწყებმა რეჟისორმა მაღალი ოსტატობით გადაიღო ფილმი, რომელიც ერთდროულად დრამისა და ჰორორის ნაზავია. მან დაამტკიცა, რომ სიურეალისტური ჟანრის წესებს კარგად იცნობს და მისი კონტროლით უბადლოთ გამოსდის. 

ჯიმ სტარჯესმა, რომელსაც მაყურებელი Across The Universe-დან იცნობს კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო როლი შეასრულა. მსახიობი სოლიდური, დამაჯერებელი და ამავდროულად იდუმალი ახალგაზრდა კაცის როლშია, რომელიც საკუთარი იდენტობის საძებნელად სულ უფრო ღრმად ეშვება ფსიქოდელიური დაავადებით გამოწვეულ შინაგან კრიზისში". – წერს გამოცემა Entertainment For A Living-ის კინოკრიტიკოსი როჯერ კოსტა.

"გიგასთან როლის შესახებ მე და ჩემმა მასწავლებელმა ჯაილზ ფორმენმა სკაიპით ვისაუბრეთ. როდესაც მოდელი ხარ და მსახიობობას იწყებ ძალიან გეშინია, მაქსიმალურად ცდილობ საქმე არ გააფუჭო, იმიტომ რომ შენთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ არის უცნობი. მე ძალიან მინდოდა შემექმნა დამაჯერებელი პერსონაჟი, რაშიც რეჟისორთან კომუნიკაცია ძალიან დამეხმარა.

თითოეულ ჩვენგანში არის ქალური და კაცური საწყისები, ბალანსი ამ საწყისებს შორის ძალზედ მყიფე და ამავდროულად უნიკალურია. ფილმი ერთ-ერთი საწინააღმდეგო არგუმენტია სამყაროში გაბატონებული იმ მოსაზრებისა, რომელიც გვეუბნება, რომ იდენტობა არაკომპლექსური საკითხია". – ამბობს ერთ-ერთი როლის შემსრულებელი მოდელი და მსახიობი ანდრეა პეჟიჩი გამოცემა Queer Review-სთან ინტერვიუში.

ფილმის გამოსვლის შესახებ ასევე დაიწერა ისეთ დიდ გამოცემებში, როგორებიც არის Variety და Washington Post.

კომენტარები