2022 წლის პეკინის ოლიმპიადა

დოპინგ ტესტის ჩაგდების მიუხედავად, რუს მოციგურავეს ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება მისცეს

15 წლის რუს მოციგურავეს, კამილა ვალიევას დოპინგ ტესტის ჩაგდების მიუხედავად, პეკინის ოლიმპიადაზე, ფიგურული სრიალის ინდივიდუალურ შეჯიბრში მონაწილეობის უფლება მისცეს. შესაბამისი გადაწყვეტილება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ მიიღო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დოპინგის საქმის საბოლოო გარკვევამდე ახალგაზრდა სპორტსმენის დროებითი დისკვალიფიკაცია საჭირო არ არის. მათი დასკვნით, პრობლემური იყო დოპინგ ტესტის შედეგების გამჟღავნების დროც. შედეგები ტესტის ჩატარებიდან 6 კვირაში, ოლიმპიადის მიმდინარეობის დროს გამოცხადდა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში გარკვეული როლი ამანაც ითამაშა.

"ასეთი დაგვიანებული ცნობა, რომელიც ზამთრის ოლიმპიადის მიმდინარეობის დროს გამოცხადდა, მისი ბრალი არ არის" - წერია გადაწყვეტილებაში.

მიუხედავად ამისა, თუ ვალიევა ინდივიდუალურ შეჯიბრში ოქროს მედალს მოიპოვებს, შესაძლოა ოლიმპიადის დასრულების შემდეგ მაინც ჩამოერთვას. ამ შემთხვევაში რუსეთის ნაკრები გუნდურ შეჯიბრში მოპოვებულ ოქროსაც დაკარგავს.

დოპინგ სკანდალის გამო პეკინის ოლიმპიადაზე, ფიგურული სრიალის გუნდური შეჯიბრის დაჯილდოების ცერემონია გასულ კვირაში გადაიდო. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ დოპინგ ტესტი რუსეთის ნაკრების 15 წლის წევრმა, კამილა ვალიევამ ჩააგდო.

კომენტარები