მიწისძვრა

რწმუნებული: მიწისძვრის გამო ერთ სოფელში სახლის კედელი ჩამოინგრა, ვადგენთ ზარალის ოდენობას

ქვემო ქართლის რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის თქმით, მიწისძვრის შედეგად სოფელ შახმარლოში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, ასევე რამდენიმე სოფელს დროებით შეუწყდა ელექტრომომარაგება.

"დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, ჯავახში, ტნუსში, ბოსლებში, ვარდისუბანში, დიდ დმანისში, მაშავერაში, პატარა დმანისში, აზკაკლიანში, საფარლოსა და კამიშლოში მოსახლეობას დროებით შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. შესაბამისი უწყებების ოპერატიული რეაგირების შედეგად, შეფერხება დროულად აღმოიფხვრა. ბიძგების შედეგად, სოფელ შახმარლოში ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლის კედელი. ადგილზე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. ადგილზე უკვე აქტიურად მუშაობს მერიის შესაბამისი კომისია და ხდება ზარალის ოდენობის დადგენა, რომელიც სრულად ანაზღაურდება“ – საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა სახელმწიფო რწმუნებულმა.

თბილისის დროით 22:25 საათზე სოფელ სამებასთან 6.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. თავდაპირველი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 5.8 მაგნიტუდა იყო.

კომენტარები