უნგრეთი

ვიქტორ ორბანმა ევროკავშირიდან უნგრეთის გასვლის შესაძლებლობაზე მიანიშნა

Vivien Cher Benko / MTI

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა ყოველწლიური მიმართვისას ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შესაძლებლობაზე მიანიშნა. მსგავსი შეფასება ორბანმა პირველად გააკეთა. ორბანის თქმით, ევროკავშირი აწარმოებს "წმინდა ომს, ჯიჰადს, კანონის უზენაესობის ლოზუნგით".

ამასთან, 12 თებერვალს ორბანმა ბუდაპეშტში მხარდამჭერებთან შეხვედრისას თქვა, რომ ევროკავშირმა "ტოლერანტობა" უნდა გამოიჩინოს უნგრეთის მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთო გზის გაგრძელება შეუძლებელი იქნება.

ევროკავშირის სტრუქტურები და უფლებადამცველი ორგანიზაციები ვიქტორ ორბანს უნგრეთში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართ იერიშში ადანაშაულებენ. ორბანმა მათი განცხადებები არაერთხელ გააკრიტიკა, თუმცა პრემიერმინისტრი ამბობს, რომ უნგრეთს სურდა ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნება, "მიუხედავად მზარდი კულტურული გაუცხოებისა".

უნგრეთმა და პოლონეთმა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში (ECJ) გაასაჩივრეს 2020 წელს კავშირის მიერ დამტკიცებული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, ქვეყნებს, რომლებიც კანონის უზენაესობის პრინციპებს არღვევენ, ევროკავშირის საერთო ბიუჯეტიდან მისაღები სახსრები შეუმცირდებათ. სასამართლომ სარჩელზე გადაწყვეტილება 16 თებერვალს უნდა გამოიტანოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ RFE/RL-ის ცნობით, უნგრელების დაახლოებით 80% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირის წევრობას. უნგრეთი ევროკავშირში 2004 წელს გაწევრიანდა.


ორბანის მინიშნების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა პრემიერმინისტრის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაქსი, რომელმაც აღნიშნა, რომ ორბანის სიტყვები არასწორად გაიგეს.

"პრემიერმინისტრ ორბანს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მინიშნება არ გაუკეთებია. პირიქით, მან თქვა - "ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირის ერთიანობა შევინარჩუნოთ... ევროკავშირს მომავალი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ჩვენ ერთად დარჩენა შეგვეძლება". – დაწერა კოვაქსმა.

კომენტარები