ენმ

ენმ-მ ბათუმში დეპუტატობის კანდიდატად გარდაცვლილი დეპუტატის შვილი წარადგინა

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ  ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში  დეპუტატობის კანდიდატად გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის შვილი, მათე ფუტკარაძე წარადგინა. 

ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. ენმ-ს დეპუტატის გარდაცვალების გამო ბათუმის მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნები 2022 წლის 2 აპრილს ჩაინიშნა. 

მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში მათე ფუტკარაძის კონკურენტი ქართული ოცნებიდან აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, რამაზ ჭინჭარაძე იქნება. 

"მე მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო ნუგზარ ფუტკარაძის ვაჟი, მათე ფუტკარაძე - ადამიანი, რომელიც შედის ბრძოლაში იქ, სადაც მამამ გაიმარჯვა, იქ სადაც მამამ თვეების განმავლობაში კარდაკარ იარა და პირველივე ტურში მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება. 

[...] ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ 2 აპრილს დადასტურდება, იმარჯვებს თუ არა კეთილი ბოროტზე". - აღნიშნა ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მათე ფუტკარაძის კანდიდატად წარდგენისას. 

ბათუმში ენმ-ს ლიდერის, გიორგი კირთაძის განცხადებით, საკრებულოში მათ არჩეულ წევრ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებამდე მასზე ზეწოლა მიმდინარეობდა. კირთაძე ამბობს, რომ ამის ორგანიზატორი აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის მამა, დათო რიჟვაძე იყო. ენმ-მ 24 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე გამოაქვეყნა აუდიო ჩანაწერიც, რომელსაც გიორგი კირთაძის თქმით, თავად ნუგზარ ფუტკარაძე იწერდა. მათივე ცნობით, მოსალაპარაკებლად მისულები იყვნენ ასლან აბაშიძის დროის მაღალჩინოსნები, ვაჟა თაბაგაძე და ბადრი ბაკურიძე. მიზანი ნუგზარ ფუტკარაძის გადაბირება იყო, ვინაიდან ქართულმა ოცნებამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უმრავლესობის მოგროვება ვერ შეძლო და მას მხოლოდ 16 დეპუტატი ჰყავდა, ოპოზიციას კი, გიორგი გახარიას პარტიის ჩათვლით, ჯამში 19. 

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. 

კომენტარები