კორონავირუსი საქართველოში

სამინისტრო: ბოლო 7 დღის მონაცემით, COVID-19 მასწავლებელთა 6.5%-სა და მოსწავლეთა 2.5%-ს დაუდასტურდა

განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 7 დღის მონაცემებით კორონავირუსით მასწავლებელთა 6.5%-სა და მოსწავლეთა 2.5%-ს დაუდასტურდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის მასწავლებელებისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების 73.6%-ია აცრილი. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციითვე, ქვეყანაში 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან სრულად დისტანციურ სწავლებაზე 732 სკოლაა. რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 135-მა მასწავლებელმა გამოთქვა. 

ომიკრონის სწრაფი გავრცელების ფონზე, განათლებსი სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა ჰქონდეთ. 

"გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება. ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი – კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით. 

როგორც ცნობილია, 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში თანამშრომლებისთვის კოვიდტესტირებას სპეციალურად გადამზადებული სკოლის ექიმები ატარებენ. იმ სკოლებში კი, სადაც ექიმები ჯერ არ გადამზადებულან, ტესტირების პროცესი კვლავ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გრძელდება. 

მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან გრძელდება სკოლების მონიტორინგი". - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები