ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

11 თებერვლის ბოლოსთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.9506 ლარია, ევროსი კი – 3.3622 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.38 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 1.79 თეთრით.

დოლარი სამ ლარს ისტორიაში პირველად 2020 წლის მარტში გადასცდა. მას შემდეგ, სხვადასხვა დროს, დოლარის ფასი 3.40 ლარსაც აჭარბებდა. ევრო კი, 4 ლარზე მეტიც ღირდა. 

თიბისი კაპიტალი ეროვნული ვალუტის ამჟამინდელ გაცვლით კურსს ზომიერად ოპტიმისტურს უწოდებს და სამომავლოდ მის გაუფასურებას უფრო მეტად პროგნოზირებს, ვიდრე ლარის კიდევ უფრო მეტად გამყარებას. 

"ლარის მიმართ სენტიმენტებისა და წმინდა შემოდინების გაძლიერების შემთხვევაშიც კი, ჩვენი აზრით, ლარის შემდგომი გამყარება ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც ამ სცენარში ვფიქრობთ, რომ ეროვნული ბანკი უფრო მეტ რეზერვს შეისყიდის. 

ლარის მიმდინარე კურსი ზომიერად ოპტიმისტურია და სამომავლოდ მისი ან დაახლოებით იმავე დონეზე შენარჩუნება ან გარკვეული დასუსტებაა უფრო მოსალოდნელი, ვიდრე გამყარების ბოლო პერიოდში არსებული დინამიკის გაგრძელება". – წერია TBC CAPITAL-ის ანგარიშში. 

ანალიტიკოსების შეფასებით, ლარის მიმდინარე გამყარება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის, გაძლიერებული წმინდა სავალუტო შემოსავლებისა და თავად ლარის სტაბილურობის შედეგია, რადგანაც ხშირად სწორედ თავად დოლარი-ლარის კურსი განსაზღვრავს მოლოდინებს.

კომენტარები