დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

უკრაინა: ევროპის მორიგი არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის

დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

უკრაინა: ევროპის მორიგი არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის

ისტორიის დაბრუნება

ევროპაში შესაძლოა მალე მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყოს. რუსეთის 120 000-ზე მეტი ჯარისკაცი 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული აგრესიის ახალი ტალღისთვის ემზადება. დასავლეთი რუსეთთან მოლაპარაკებების და სანქციების მუქარით ცდილობს სამხედრო შეტევის თავიდან არიდებას. როგორ მივედით ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ჰერბერტ ბუშის მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეიდან ომის ზღვარზე მყოფ კონტინენტამდე? 

1990-იანი წლების დასაწყისში უპრეცედენტო რამ მოხდა. ბოროტების იმპერია - საბჭოთა კავშირი - რუკიდან გაქრა. შედეგად, ამერიკა მსოფლიოს ერთადერთი უძლიერესი სახელმწიფო გახდა. ცივი ომის დროინდელი ხედვა, რომ ქვეყნები მუდმივ შეჯიბრში არიან ერთმანეთთან ძალისა და გავლენის მოსაპოვებლად ახალმა თეორიამ ჩაანაცვლა. დასავლეთში დაიჯერეს, რომ ისტორია დასრულდა და ლიბერალურმა დემოკრატიამ მოწინააღმდეგე იდეოლოგიებზე საბოლოოდ გაიმარჯვა.


ბერლინის კედლის დაცემა 1989 წელი წყარო: phewresearch
​​​​​​

ევროპაში დაწყებულმა დემოკრატიზაციის ტალღამ გაამყარა მოლოდინი, რომ ეს პროცესი გლობალური გახდებოდა. შედეგად, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა ადამიანის უფლებების, საერთაშორისო ნორმების და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზით უნდა დარეგულირებულიყო. ისტორიაში ჯერ კიდევ “ჩარჩენილი” ქვეყნებიც კი დროსთან ერთად აუცილებლად ტრანსფორმირდებოდნენ. 

დასავლეთში ჩათვალეს, რომ ქვეყნების ეკონომიკურ ლიბერალიზაციას პოლიტიკური ლიბერალიზაცია მოსდევს. ამ ოპტიმისტური ხედვით, საერთაშორისო ინსტიტუტებში ინტეგრირებული ქვეყნები ლიბერალური ნორმების დაცვით შეძლებდნენ მსოფლიო ასპარეზზე მოქმედებას. საერთაშორისო საზოგადოება და ინსტიტუტები ამ პროცესის გარანტი უნდა გამხდარიყო.


პროტესტი ტიანმანის მოედანზე 1989 წყარო: BBC

რუსეთი და ჩინეთი დასავლეთის მიერ ნაწინასწარმეტყველებ განვითარების ტრაექტორიას თავიდანვე თვალსაჩინოდ აცდნენ. ჩინეთის ეკონომიკურმა ლიბერალიზაციამ კომუნისტური ერთპარტიული მმართველობა თავისუფალი სისტემით არ ჩაანაცვლა. ორივე სახელმწიფომ ეკონომიკური ზრდის პარალელურად ავტორიტარული მმართველობის კონსოლიდაცია მოახდინა და დასავლეთის მიერ შექმნილი ინსტიტუტების საკუთარი ინტერესების სასიკეთოდ გამოყენება დაიწყო. რუსეთისა და ჩინეთის მიერ გამოვლენილ დესტრუქციას დასავლეთმა ხისტი პასუხის დაბრუნების ნაცვლად მეტი დიალოგით და ინტეგრაციის სურვილით უპასუხა. 

რწმენა, რომ მე-19 საუკუნის ძალის პოლიტიკა ბერლინის კედლის ნგრევით დასრულდა იმდენად მტკიცე იყო, რომ დასავლეთი 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრამაც კი ვერ გამოაფხიზლა. სულ ერთი წლის შემდეგ, ამერიკამ რუსეთს გადატვირთვის პოლიტიკა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება შესთავაზა. 

2014 წელს უკრაინის ტერიტორიის ანექსიით რუსეთმა კიდევ ერთხელ ცხადად დაადასტურა, რომ იმ წარსულის პრინციპებით მოქმედებს, რომელიც დასავლეთმა 1990-იან წლებში ისტორიას ჩააბარა. რუსეთის ქცევა ცხადყოფს, რომ მსოფლიოში ძალის პოლიტიკა და გავლენისთვის შეჯიბრი არსად წასულა. 

როგორია რუსეთის მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის ისტორიული გამოცდილება და რა კავშირი აქვს მას რუსეთის პოლიტიკასთან უკრაინაში? მე-18 საუკუნის პოლონეთი-ლიტვის თანამეგობრობაში სეიმის ნებისმიერ წევრს უფლება ჰქონდა “თავისუფალი ვეტოს” პრეროგატივის გამოყენებით იმ მოწვევის სეიმის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება დაებლოკა. სეიმის პარალიზება სახელმწიფოს ასუსტებდა და მეზობელი ქვეყნებისთვის რეჩპოსპოლიტას შიდა საქმეებში ჩარევის მეტად ხელსაყრელი ინსტრუმენტი იყო. შესაბამისად, რუსეთის იმპერია თავისუფლების ვეტოს გაუქმებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. 

ვეტოს ინსტრუმენტი პოლონეთმა 1791 წლის პროგრესული კონსტიტუციით ჩაანაცვლა, მაგრამ ახალმა სისტემამ დიდ ხანს ვერ იარსება. პოლონური “ოქროს თავისუფლების” დაცვის საბაბით რუსეთმა, პრუსიამ და ავსტრიამ რეჩპოსპოლიტა დაიპყრეს და მისი ტერიტორია ერთმანეთში გაიყვეს. დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღდგენა პოლონეთმა და ლიტვამ მხოლოდ პირველ მსოფლიო ომში ამ სამი იმპერიის კრახის შემდეგ მოახერხეს. მათ დამოუკიდებლობის მოპოვება ვუდრო ვილსონის მიერ მხარდაჭერილი ახალი საერთაშორისო წესრიგის ფარგლებში შეძლეს, რასაც საფუძვლად ეროვნული თვითგამორკვევის პრინციპი დაედო.


პოლონეთის სეიმის სესია, სამეფო სასახლე, ვარშავა 1622 წყარო: wikipedia
​​​​

ცივი ომის დასრულებით დაინგრა ბოლო ევროპული იმპერია. თვითგამორკვევის პრინციპით უკვე იმ ერებმაც ისარგებლეს, რომლებიც ათწლეულები საბჭოთა კავშირის საპყრობილეში იყვნენ გამომწყვდეულნი. დღეს რუსეთს აღარ შესწევს ძალა ცენტრალურ ევროპაზე იბატონოს, მაგრამ მისი მთავარი სამიზნე ახლა აღმოსავლეთ ევროპაა. უკრაინა რუსეთისთვის ახალი პოლონეთია, რომლის დამორჩილებასაც ცენტრალურ ევროპაში გამოცდილი მეთოდებით ცდილობს.

დასავლეთმა დემოკრატიული პროგრესის შეუქცევადობის რწმენით ძალის პოლიტიკა წარსულს ისე ჩააბარა, რომ რუსეთს სამეზობლოს დომინაციის მიზანზე ხელი არ აუღია. ცენტრალურ ევროპაზე გამავალმა გამყოფმა ხაზებმა დღეს აღმოსავლეთ ევროპაზე გადაინაცვლა. უკრაინის დესუვერენიზაციის მცდელობით პუტინი ახლა ევროპაში მორიგ გამყოფ კედელს აშენებს. შესაბამისად, დროა წარსულის მეთოდებით მოქმედი რუსეთის შესაჩერებლად დასავლეთმა ის სტრატეგია და გამოცდილება გამოიყენოს, რომელიც მან საბჭოთა კავშირთან ბრძოლაში გამოსცადა.

ევროპის პასუხი რუსეთის აგრესიის ახალ ტალღაზე

უკრაინაში დღეს მიმდინარე მოვლენების ფონზე 1938 წლის მიუნხენის შეთანხმების ანალოგიას ხშირად იყენებენ. “ნევილ ჩემბერლენმა უფრო მეტი ისწავლა მიუნხენის წარუმატებლობისგან ვიდრე ახლანდელმა დასავლელი ლიდერების თაობამ ყირიმის ჩავარდნისგან,” - ამბობს ავტორი ვოლტერ რასელ მიდი. რა მოხდა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ერთი წლით ადრე მიუნხენში და გამოდგება თუ არა ეს ისტორიული ანალოგია რუსეთის ქმედებების ასახსნელად და მათზე საპასუხოდ?

1938 წლის 30 სექტემბრის მიუნხენის შეთანხმებით დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და იტალიამ გერმანიას ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიის ნაწილის ანექსია გაუფორმეს. გერმანიამ ექვსი თვით ადრე ავსტრიის ტერიტორია შეიერთა, ხოლო შემდეგ ყურადღება ჩეხოსლოვაკიის ეთნიკური გერმანელებით დასახლებულ სუდეტის ოლქს მიაპყრო. 

ჰიტლერი ჩეხოსლოვაკიას სუდეტელი გერმანელების ჩაგვრას აბრალებდა და მათი უფლებების დამცველად გამოდიოდა. ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ, ბრიტანეთის და საფრანგეთის კარნახით, ესკალაციის თავიდან ასარიდებლად სუდეტის ოლქს ავტონომიაც მიანიჭა, მაგრამ ჰიტლერის მიზანი ჩეხოსლოვაკიის სრული ანექსია იყო. შესაბამისად, ამ დათმობამ ვითარება ვერ განმუხტა. 

ბრიტანეთს და საფრანგეთს გერმანიასთან ომის თავიდან აცილება ნებისმიერ ფასად სურდათ და იმედი ჰქონდათ, რომ ჩეხოსლოვაკიისთვის სუდეტის ოლქის დათმობის დაძალებით გერმანიას დააშოშმინებდნენ. ესკალაციის მოლოდინში ჩეხოსლოვაკიამ სრული მობილიზაცია გამოაცხადა, მაგრამ ქვეყნის მთავრობამ დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის მხარდაჭერის გარეშე ომში ჩაბმა ვერ გაბედა. დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და გერმანია ჩეხოსლოვაკიის მონაწილეობის გარეშე მალევე შეიკრიბნენ მიუნხენში და გერმანიას სუდეტის ოლქი ფორმალურად გადაულოცეს.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ნევილ ჩემბერლენი მიუნხენის შეთანხმების გაფორმების შემდეგ იტალიის ლიდერს ბენიტო მუსოლინის ართმევს ხელს. 30 სექტემბერი, 1938 წელი. წყარო: The Guardian

ჩეხოსლოვაკია მისთვის დამღუპველ გარიგებას პოსტ ფაქტუმ დათანხმდა და ბრძოლის გარეშე დათმო ტერიტორიის ნაწილი. სუდეტიდან გასვლამ ქვეყანა სამხედრო თვალსაზრისითაც დაუცველი დატოვა, რადგან ჩეხოსლოვაკიამ ვერც ახალი საზღვრის გამაგრება მოასწრო. ჰიტლერი 1939 წლის მარტში ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრა და ქვეყნის ნაწილი პირდაპირ შეიერთა, ხოლო ნაწილი სლოვაკიის მარიონეტულ რესპუბლიკად გადააკეთა.


ჩეხოსლოვაკიის დანაწევრება 1938-1939 წლები წყარო
​​​​​​

ამ სავალალო შეთანხმების გაფორმებით, საფრანგეთის და ბრიტანეთის ლიდერებმა გერმანიას უბრძოლველად მიართვეს ის წარმატება, რომლის მიღწევაც მისთვის მნიშვნელოვან დანაკარგთან შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული. ამ მოვლენებს გამოეხმაურა ვინსტონ ჩერჩილი ცნობილი გამონათქვამით, რომ „ინგლისს ჰქონდა არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. მან სირცხვილი აირჩია, ამიტომაც მიიღებს ომს”. მართლაც, 1939 წლის 1 სექტემბერს მეორე მსოფლიო ომი გერმანიის პოლონეთზე შეტევით დაიწყო.

რა ხდება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული აგრესიის ფონზე? 2014 წელს უკრაინამ ყირიმის ნახევარკუნძული უბრძოლველად დათმო. უკრაინისთვის ცხადი იყო, რომ დასავლეთი რუსეთთან კონფრონტაციაში მას ღიად მხარს არ დაუჭერდა. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ამერიკის იმდროინდელი ადმინისტრაცია უკრაინის და საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის გაგზავნისგან თავს იკავებდა. რუსეთი ყირიმის ოკუპაციით და აღმოსავლეთ უკრაინის დაკავებით არ დაშოშმინდა. 8 წლის შემდეგ უკრაინა ისევ ომის ზღვარზეა. ამჯერად რუსეთი უკრაინის დამორჩილებას მინსკის შეთანხმების შესრულების მოთხოვნით ცდილობს. 

მინსკის შეთანხმება საფრანგეთის და გერმანიის ჩართულობით 2014 წელს რუსეთსა და უკრაინას შორის გაფორმდა. ის აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას და კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარებას ისახავდა მიზნად. 2015 წელს მხარეებმა მინსკის მეორე შეთანხმება გააფორმეს, რადგან პირველი განახლებული საბრძოლო მოქმედებების ფონზე ჩავარდა. მინსკის შეთანხმებები, რომლებსაც უკრაინამ რუსეთის მხრიდან იარაღის მუქარის ფონზე მოაწერა ხელი, უკრაინას კონსტიტუციის ცვლილებას, აღმოსავლეთის რეგიონებისთვის ფართო ავტონომიის მინიჭებას და  ამბოხებულთა ამნისტიას ავალდებულებს. რუსეთს სურს აღმოსავლეთ რეგიონების ავტონომია პოლონური სეიმის თავისუფალი ვეტოს მსგავსად გამოიყენოს. ამ რეგიონების კონტროლით ის უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევას და მისი პოლიტიკური პროცესის პარალიზებას შეეცდება.


ბელარუსის, რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთის და უკრაინის ლიდერები 2015 წლის მინსკის სამიტზე წყარო: wikimedia
​​​​​​

კიევი შეთანხმების შესრულებას არ თანხმდება მანამ სანამ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთ-უკრაინის საზღვარზე კონტროლს არ აღადგენს. ამის საპირისპიროდ, რუსეთი კიევს მხოლოდ კონსტიტუციური ცვლილებების და აღმოსავლეთ რეგიონებში მის მიერ ორკესტრირებული არჩევნების ჩატარების შემდეგ ჰპირდება ტერიტორიის დაბრუნებას. გამოდის, რომ რუსეთის მოთხოვნით უკრაინამ სეპარატიზმი ფართო ავტონომიით და უპრეცედენტო შეწყალების სერიით უნდა დააჯილდოოს. ეს ნაბიჯები უკრაინისთვის დამღუპველია, რადგან რუსეთი ამ გზით უკრაინის დესუვერენიზაციას და ფინლანდიზაციას ცდილობს. დამოუკიდებელი წარმატებული სახელმწიფოს ნაცვლად რუსეთს უკრაინის მორჩილ სატელიტად ჩამოყალიბება უნდა. 

მინსკის შეთანხმებას ეწინააღმდეგება უკრაინის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილიც. ეს დოკუმენტები კიევში კაპიტულაციის ტოლფასად აღიქმება. თუ რუსეთი შეძლებს კიევს მათი შესრულება აიძულოს, უკრაინაში შიდა არეულობის ალბათობა იზრდება, რაც რუსეთს ჩარევის წინაპირობას უქმნის. 

ცხადია, რომ რუსეთს ურჩევნია სამხედრო ძალის გამოყენების გარეშე მოახდინოს უკრაინაში არეულობა. თუ “დიპლომატია” ვერ გაამართლებს, სავარაუდოა, რომ რუსეთი უკრაინის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანას ძალის გამოყენებით შეეცდება. 

როგორც უკრაინის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი ალექსანდრ დანილუკი წერს, პუტინს სურს დასავლეთს ეგონოს, რომ მას ეს დათმობა დააკმაყოფილებს. დანილუკის აზრით, რუსეთს რეალურად მიუღებელ გარიგებაზე უკრაინის დათანხმებით ქვეყნის დესტაბილიზაცია და დამორჩილება უნდა. უკრაინაში შიშობენ, რომ შეთანხმების გაფორმება რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებებს მოუხსნის, ისე რომ ქვეყანა დონბასის რეგიონს არ დათმობს. 

“როდესაც მათ [მინსკის შეთანხმებებს] იარაღის მუქარით ხელი მოეწერა - რასაც თვალს გერმანელები და ფრანგები ადევნებდნენ - უკვე ცხადი იყო, რომ ამ დოკუმენტების შესრულება შეუძლებელი იქნებოდა” - განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის მდივანმა ოლექსი დანილოვმა  იანვარში. მისი აზრით, აუცილებელია ახალი დოკუმენტი გაფორმდეს, რომელიც პუტინს უკრაინიდან ჯარის და შეიარაღების გაყვანას აიძულებს. 

თუ დასავლეთი მინსკის შეთანხმების შესრულების უკან რუსეთის მოტივებს ცხადად ვერ დაინახავს, რუსეთმა შესაძლოა უბრძოლველად მიიღოს უკრაინისგან ის რისთვისაც მნიშვნელოვანი რესურსის დახარჯვა მოუწევდა. ეს რუსეთის მადას მხოლოდ გაზრდის და თუ საშუალება მიეცა ევროპაში შემდეგი სამიზნე ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი იქნება. რუსეთისთვის შესაძლებლობის ფანჯარა ტაივანის საკითხზე ამერიკა-ჩინეთის დაპირისპირების შემთხვევაში შეიძლება გაიხსნას. ამ დროს დასავლეთის ფოკუსი სხვა კონტინენტზე იქნება, ხოლო აზიასა და ევროპაში ერთდროული კრიზისის მართვა ამერიკას გაუჭირდება.


უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტები საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად პარიზში წყარო: independent 
​​​​​​

ამ ფონზე, დღეს უმნიშვნელოვანესია ევროპელმა ლიდერებმა პუტინს უკრაინისთვის დამღუპველი შეთანხმების გაფორმებაში ომის არიდების იმედით ხელი არ შეუწყონ. “კრემლი უკრაინაზე ომს დასავლეთის გამოყენებით აწარმოებს და დასავლეთზე ომის საწარმოებლად უკრაინას იყენებს,” - წერს ავტორი ედვარდ ლუკასი. მისი თქმით, პუტინს უკრაინის ფსიქოლოგიურად გატეხა სურს იმის ჩვენებით, რომ დასავლეთი მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს. ამასთან, ის უკრაინის თემით დასავლეთში იმ გამყოფ ხაზებს წარმოაჩენს, რომლებიც ტრანსატლანტიკური ალიანსის წევრებს შორის უსაფრთხოების საკითხებზე არსებობს.

მართლაც, საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განხილვის ფონზე, დასავლეთის ერთიანი ფრონტის აღმართვის მოლოდინი მალევე გააქარწყლა. ემანუელ მაკრონმა იანვარში ევროკავშირ-რუსეთის დამოუკიდებელი მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ ის რამდენიმეჯერ ესაუბრა ვლადიმერ პუტინს და მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. პრეზიდენტი მაკრონი რუსეთთან დიალოგის წარმოების აქტიური მომხრეა და ანალიტიკოსების ნაწილი შიშობს, რომ ის პუტინთან დათმობებზე წასვლისთვისაც მზად არის.


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 7 თებერვლის შეხვედრაზე მოსკოვში. წყარო:wsj.com

“მოქმედმა პრეზიდენტმა [ვოლოდიმირ ზელენსკიმ] არც თუ ისე დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ მოსწონს. მოგწონს, თუ არა, აიტანე, ჩემო ლამაზო, შესრულებაა საჭირო, სხვანაირად არ გამოვა. არ სურთ დონბასის წარმომადგენლებთან პირდაპირი საუბარი. [შეთანხმებაში] წერია, რომ უნდა განიხილონ და შეთანხმდნენ მათთან, სხვანაირად როგორ იმუშავებენ. შეუძლებელია” - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა მაკრონთან 7 თებერვალს შეხვედრისას.  

საფრანგეთის პრეზიდენტი მოსკოვში ვიზიტამდე ამბობდა, რომ გარიგება რომლის საფუძველზეც სრულმასშტაბიანი ომის არიდება შესაძლებელია რეალისტურია, ხოლო რუსეთის მიერ ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემების წამოყენება ლეგიტიმური. მაკრონის ეს განცხადებები იმ პირობებში კეთდება, როდესაც რუსეთს 120,000 ჯარისკაცზე მეტი უკრაინის საზღვრებთან ჰყავს მობილიზებული და ქვეყნის პრო-დასავლური მთავრობა მიზანში ამოღებული. 

უკრაინასთან მიმართებაში იმედის გამაცრუებელია გერმანიის პოზიციაც. ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ლიდერები, რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ ჩრდილოეთ ნაკადი ორზე უარის თქმას არ აპირებენ და არც უკრაინის შეიარაღებით მომარაგება სურთ. მეტიც, გერმანიამ ესტონეთს უარი გერმანული წარმოების ჰაუბიცების უკრაინისთვის გადაცემაზეც უთხრა. ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ამ ნაბიჯს ამორალური უწოდა. “თუ ადამიანი ბნელ ხეივანს მიუყვება და ვიღაცას სცემენ, მისთვის იმის თქმა, რომ სასწრაფოში დარეკავ მას შემდეგ რაც გაუსწორდებიან არ არის მართებული,” - განაცხადა არტის პაბრიკისმა.

ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ გერმანიის ქმედებები ცივი ომის შემდგომი პერიოდის გამოცდილებით არის განპირობებული. პირდაპირი საფრთხის არ არსებობის პირობებში, გერმანია ევროპაში ძალის პოლიტიკის დაბრუნებას თვალს არ უსწორებს და მორალური უპირატესობის გრძნობით გამსჭვალული კონფლიქტების დიალოგით და მულტილატერალიზმით მოგვარების მომხრეა. ანგელა მერკელმა 2014 წელს ყირიმში რუსეთის ნაბიჯებზე პასუხად განაწყენებულმა განაცხადა, რომ პუტინის ქმედებები იმ მე-19 და მე-20 საუკუნის ნაბიჯებს ჰგავდა, რომელიც წარსულს ჩაბარდა.

ავტორი მარსელ რისუსის აზრით, ევროპაში ცივი ომის შემდეგ დამდგარი მშვიდობის გათვალისწინებით, გერმანიას საშუალება ჰქონდა სავაჭრო საქმიანობა ისე ეწარმოებინა, რომ პოლიტიკური მოსაზრებები მხედველობაში აღარ მიეღო. “მათ შეუძლიათ ვაჭრობის საკითხს ისე მოეპყრონ ვითომ ის პოლიტიკისგან განყენებულია,” - წერს რისუსი. ამ პირობებში რუსეთი გერმანიის პოზიციით მხოლოდ სარგებლობს და ევროპის ქვეყნებს შორის განხეთქილებას მისი პოლიტიკის ხორცშესასხმელად იყენებს.


ამერიკის სენატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ჯო ბაიდენი საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეს ანდრეი გრომიკოს ბირთვული მოლაპარაკებების საკითხზე ხვდება. 1988 წელი. წყარო:meduza.io
​​​​​​

რუსეთის ქმედებებზე საუბრისას ესტონეთის პრემიერ მინისტრმა კაია კალასმა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი გრომიკოს დასავლეთთან მოლაპარაკებების პრინციპები შეგვახსენა

  • მოითხოვე მაქსიმუმი - მორცხვად არ ითხოვო, მოითხოვე ის რაც შენი არასოდეს ყოფილა; 
  • დააყენე ულტიმატუმები - მუქარაზე თავი არ შეიკავო, რადგან დასავლეთში ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებსაც მოლაპარაკების სურვილი აქვთ; 
  • მოლაპარაკებებში არაფერი დათმო - ისინი თავად შემოგთავაზებენ იმის ნაწილს მაინც რასაც ითხოვ, მაგრამ არ დათანხმდე. მეტი მოითხოვე, რადგან წამოგყვებიან ამაზე და ბოლოს იმის მესამედს ან ნახევარს მიიღებ რაც იქამდე არ გქონდა.” 

ჩანს, რომ პუტინი საუკეთესო საბჭოთა ტრადიციების დაცვით ესაუბრება ევროპას, მაშინ როცა ევროპელი ლიდერები რუსეთის აგრესიას ჯერ-ჯერობით დაყვავების პოლიტიკით პასუხობენ.

რატომ ახლა?

ავტორი ბრეტ სტივენსი გვახსენებსმერიკის ყოფილი თავდაცვის მდივნის დონალდ რამსფელდის სიტყვებს, რომ “სისუსტე პროვოკაციულია.” სტივენსი აღწერს როგორ მივედით დღევანდელ მოვლენებამდე უკრაინაში. ათვლა 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრით იწყება, რომლის საპასუხოდაც სტივენსის აზრით ბუშის ადმინისტრაციამ “თითქმის არაფერი გააკეთა”. ამას მოსდევს ობამას მიერ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის დაწესებული წითელი ხაზების დარღვევა. შემდეგ, 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა. ავტორის თქმით, აქ უკვე ობამამ “გააკეთა თითქმის არაფერი” რუსეთისთვის პასუხის დასაბრუნებლად. 

სტივენსის აზრით, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ავღანეთში განცდილი კრახის ფონზე ამერიკა კიდევ უფრო სუსტად გამოიყურება. ავტორი აკრიტიკებს ეკონომიკურ სანქციებსაც. “ეს შეიარაღებულ დაპირისპირებაში დანით მისვლის ტოლფასია,” - ამბობს ის. 

რუსეთი და ჩინეთი ამერიკას სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებში გამოცდას უწყობენ და მსოფლიოს მასშტაბით მის მოქმედებებს აკვირდებიან. ამერიკის მიერ განცდილი წარუმატებლობა მოწინააღმდეგეებისთვის სიგნალია, რომ მათ უფრო თავისუფლად შეუძლიათ მოქმედება. რუსეთის მიერ უკრაინის დამორჩილება შესაძლოა ტაივანის საკითხზე ჩინეთისთვის სწორედ ასეთი სიგნალი აღმოჩნდეს. 

კომენტატორების ნაწილი პრეზიდენტ ბაიდენს იმისთვისაც აკრიტიკებს, რომ მან უკრაინის დასახმარებლად დროულად არ იმოქმედა. რუსეთი ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე მეორედ ახდენს სამხედრო ძალის მობილიზაციას უკრაინის საზღვრებთან. შარშანდელი ესკალაციის პასუხად რუსეთ-ამერიკის მაღალი დონის სამიტი დაიგეგმა, სადაც ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრა პუტინისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან რუსეთის ლიდერი მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოს პრეზიდენტის გვერდით თანაბარ ფიგურად გამოჩნდა.


ამერიკა-რუსეთის სამიტი ჟენევაში. 16 ივნისი, 2021 წყარო: reuters
​​​​​​

რუსეთის მიერ შარშანდელი ესკალაციის პასუხად ბაიდენმა უკრაინას იარაღის მიწოდება საგრძნობლად არ გაუზარდა და არც ამერიკელი სამხედროები გაგზავნა ევროპაში. “საპირწონე სამხედრო ძალაზე ხაზგასმის გარეშე დიპლომატიაზე ფოკუსირებით ბაიდენის ადმინისტრაციამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე კრიზისი აღეკვეთა,” - წერს ავტორი ალექსანდრ ვინდმანი. ის მიიჩნევს, რომ უმოქმედობის შედეგად ბაიდენის ადმინისტრაციას დღეს ნაკლები შესაძლებლობა აქვს რუსეთს უკანდახევა აიძულოს.

ავტორი ვოლტერ რასელ მიდი რუსეთის წარმატებას დასავლეთის პოლიტიკურ და ინტელექტუალურ წარუმატებლობას აბრალებს. მიდი წერს, რომ ევროპის რუსეთის გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულება ეკონომიკური სანქციების ამოქმედებას ართულებს. ავტორის თქმით, პუტინმა იცის, რომ ეკონომიკური სანქციები ევროპაზე უფრო მძლავრად იმოქმედებს ვიდრე ამერიკაზე და ეს პარტნიორებს შორის განხეთქილებას მხოლოდ გაამწვავებს. 

ანალიტიკოსი დმიტრი ალპეროვიჩი ამტკიცებს, რომ პუტინის გათვლაზე უკრაინასთან ცვალებადი სამხედრო ძალთა ბალანსიც მნიშვნელოვნად მოქმედებს. მისი თქმით, რუსეთი ყარაბაღის ომის მაგალითზეც ხედავს, თუ რა ძალა აქვს ჯარს, რომელიც დასავლური იარაღით ტერიტორიის დაბრუნებას ცდილობს. თუ უკრაინა სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას განაგრძობს, მასთან ჭიდილი წლების შემდეგ ბევრად უფრო რთული გახდება.

ენ აპელბაუმი ატლანტიკში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ უკრაინაში პუტინის ქმედებების განჭვრეტის მცდელობისას სკეპტიკური და პესიმისტური დამოკიდებულება ჭარბობს. სკეპტიკოსებს ჰგონიათ, რომ პუტინს დასავლეთის შეშინება სურს, რათა უკრაინაზე ზეწოლა მოახდინოს და ქვეყანას რუსეთის კარნახით კონსტიტუცია შეაცვლევინოს. 

აპელბაუმის თქმით, პესიმისტები შიშობენ, რომ თუ პუტინს მართლაც სწამს, რომ უკრაინა ადრე თუ გვიან უნდა გაქრეს რუკიდან, ამისთვის შესაძლოა ხელსაყრელი დრო იდგას. ამერიკა გახლეჩილია, ხოლო ევროპა პანდემიით მოქნაცული და რუსულ გაზზე დამოკიდებული. რუსეთის მხარდაჭერა უკრაინაში იკლებს, მაშინ როცა ქვეყანა მის სამხედრო პოტენციალში ინვესტირებას განაგრძობს. 

გარე ფაქტორებს ხაზს უსვამს ალპეროვიჩიც. მისი თქმით, დღეს ნავთობის ფასი მაღალია, ხოლო ამერიკა შიდა პრობლემებსა და ჩინეთთან პაექრობაზეა გადართული. ის რუსეთისთვის ომის მოტივატორ ტრადიციულ მიზეზებსაც ასახელებს. მათ შორისაა ნატოს გაფართოების შეჩერება და რუსეთის საზღვრებთან პროდასავლური სახელმწიფოების ჩამოყალიბების პროცესის აღკვეთა. 

“[...] როგორც სტალინის თვალში იყო ერთ დროს უკრაინის დამოუკიდებლობა მომაკვდინებელი საფრთხე ბოლშევიკური რეჟიმისთვის, ისევე იქნება წარმატებული, თანამედროვე უკრაინა პუტინის ავტოკრატიული, სკლეროტული, კლეპტოკრატიული და მზარდად ბრუტალური პოლიტიკური სისტემისთვის,” - წერს აპელბაუმი.

რას აპირებს რუსეთი?

კომენტატორები რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის მიტაცების რამდენიმე სავარაუდო სცენარს განიხილავენ. მათ შორის არის სახმელეთო ხიდის გაჭრა  ყირიმამდე და დენსტრისპირეთამდე ან სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინის მთლიანი ოკუპაცია. რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება ნაკლებ სავარაუდოა.  რუსეთის კომუნისტურმა პარტიამ პარლამენტს ორი რეგიონის აღიარების მოთხოვნით უკვე მიმართა. მიუხედავად ამისა, აღმოსავლეთ რეგიონების აღიარება რუსეთისთვის არ არის მომგებიანი, რადგან ის მინსკის შეთანხმების გამოყენებით უკრაინაზე ზემოქმედების ბერკეტს აკარგვინებს. 

სახმელეთო ხიდი ყირიმამდე

ყირიმზე კონტროლის კონსოლიდაციის მიზნით, ყველაზე მცირემასშტაბიანი სცენარით რუსეთმა შესაძლოა სამხედრო ოპერაცია ყირიმის სამხრეთ ტერიტორიის დაკავებით და ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ უკრაინასთან სახმელეთო ხიდით დაკავშირებით დაიწყოს. 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ ყირიმის არხის მეშვეობით ტერიტორიას წყლის მიწოდება შეუწყვიტა. ამან ნახევარკუნძულზე მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა.

ჩრდილოეთ ყირიმის არხი, რომელიც 2014 წლამდე ნახევარკუნძულის 80%-ს წყლით ამარაგებდა წყარო:euromaidanpress

სახმელეთო ხიდი დნესტრისპირეთამდე

როგორც ავტორი ალექსანდრ ვინდმანი წერს, საშუალომასშტაბიანი შეტევის ფარგლებში, რუსეთმა შესაძლოა უკრაინისთვის სამხრეთის სანაპირო პორტებზე წვდომის და ზღვაზე გასასვლელის ჩაკეტვა მოინდომოს. ეს უკრაინისთვის დიდი დარტყმა იქნება, მაგრამ არანაკლებ დიდ ძალისხმევას საჭიროებს რუსეთს მხრიდანაც. რუსულ ჯარებს ამ ტერიტორიების ოკუპაცია და გაკონტროლება მოუწევთ. ეს მასშტაბური და გრძელვადიანი სამხედრო რესურსის გამოყენებას მოითხოვს. ამ პირობებში ადგილზე რჩება უკრაინის ხელისუფლებაც, რომლის პრო-რუსული ძალით ჩანაცვლებაც პუტინის ერთ-ერთი მიზანია.


რუსეთის ყირიმთან და დენესტრისპირეთთან დასაკავშირებელი სახმელეთო ხიდი. წყარო:CSIS
​​​​​​

სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაცია

მესამე ალტერნატივა შესაძლოა მასშტაბური შეტევა იყოს რომლის ფარგლებშიც რუსეთი სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინას დაიკავებს. ამ შემთხვევაში რუსეთი ეცდება უკრაინის ხელისუფლებას, სამხედრო ძალებს და ინფრასტრუქტურას იმგვარი დარტყმა მიაყენოს, რომელიც ქვეყანას წლებით უკან დახევს და რუსეთს საშუალებას მისცემს მისთვის სასურველი დიპლომატიური შეთანხმება გააფორმოს. 

მართლაც, სამხედრო მობილიზაცია რაოდენობრივად და ხარისხობრივად მნიშვნელოვნად განსხვავდება რუსეთის მიერ წარსულში განხორციელებული ქმედებებისგან. რუსეთის ბატალიონების ტაქტიკური ჯგუფების 75% დაძრულია, რაც მასშტაბურ მობილიზაციას უდრის. დეკემბრიდან გაზრდილია უკრაინის წინააღმდეგ კიბერშეტევების რაოდენობაც.


რუსეთის შეტევის სავარაუდო მიმართულებები. წყარო: CSIS
​​​​​​

დმიტრი ალპეროვიჩის აზრით რუსეთის მიერ დასავლეთისთვის წაყენებული მოთხოვნები რეალური დიპლომატიის სურვილს არ აჩვენებს. ის ამბობს, რომ რუსეთი მოთხოვნებს სერიოზულად რომ აყენებდეს, ის მზად უნდა იყოს თანაზომად დათმობებზე წავიდეს დასავლეთთან. ასეთ ნაბიჯებს წარმოადგენს კალინინგრადიდან ისკანდერის ტიპის რაკეტების გაყვანა და რუსეთის დასავლეთ ნაწილში ფრთოსანი რაკეტების განთავსებაზე უარის თქმა. ფრანგული გამოცემა ელ პაის მიერ გასაჯაროებული ამერიკის და ნატოს პასუხი რუსეთის მოთხოვნებზე ცხადყოფს, რომ დასავლეთი რუსეთისგან რეალურ და თანაზომად დათმობებს მოელის.

რა არის საჭირო რუსეთის შესაჩერებლად?


ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვედრაზე

ევროპაში ძალის პროექცია

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ შეტევას იმაზე გათვლით განახორციელებს თუ რა ტიპის მოგებას და დანაკარგს ელოდება ამ პროცესისგან. შესაბამისად, თუ დასავლეთს რუსეთის შეჩერება სურს, აუცილებელია მას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ფასი გაუზარდოს. 

მედიის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ აღმოსავლეთ ევროპაში 3000 ჯარისკაცს განათავსებს. ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ სკეპტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მობილიზაციის ფონზე გაგზავნილი სამხედროების რაოდენობა არასაკმარისია. 

რა გახდის მშვიდობას რაციონალურ არჩევანს პუტინისთვის? უმნიშვნელოვანესია ამერიკის მტკიცე ქმედებები, რომლებიც აჩვენებს, რომ ის მზად არის დაიცვას ნატოს წევრი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. ერთი ასეთი ნაბიჯი შესაძლოა ნატოს არაწევრი ქვეყნების შვედეთის და ფინეთის ამერიკასთან  ბალტიის ქვეყნების დასაცავად გაერთიანება ან მათი ნატოში მიღება იყოს. ამერიკამ ასევე მტკიცედ უნდა დაიცვას ნატოს ღია კარის პოლიტიკა და ალიანსის გაფართოების შეჩერებას ურყევი უარით უპასუხოს. 

რუსეთი განსაკუთრებით ეწინააღმდეგება დასავლეთის მიერ ევროპაში მოკლე და შუალედური დამიზნების რაკეტების განთავსებას და დაჟინებით მოითხოვს ცენტრალურ ევროპაში ამერიკული ანტისარაკეტო სისტემების განთავსების გეგმებზე უარის თქმას. ამერიკამ პრეზიდენტ ბარაკ ობამას პერიოდში პოლონეთსა და ჩეხეთში შორი დამიზნების ანტისარაკეტო სისტემების განთავსების გეგმა გააუქმა. 

ამერიკის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილ დახურულ წერილში რომელიც ახლახან მედიამ გაავრცელა, ქვეყანა რუსეთს მოკლე და შუალედური დამიზნების რაკეტების თემაზე მოლაპარაკებებს სთავაზობს. ამ იარაღის განთავსება რუსეთის საზღვრებთან ახლოს კრემლისთვის განსაკუთრებით პრობლემურია. რუსეთის ძალისმიერი პოლიტიკის აღსაკვეთად ამერიკას შეუძლია ეს ბერკეტად გამოიყენოს. 

ბოლოს, დასავლეთს უკრაინის მხარდასაჭერად რეგიონული თანამშრომლობის ფორმატების გამოყენება შეუძლია. ერთი არსებული მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელშიც უკრაინის აქტიური ჩართვაა შესაძლებელი სამი ზღვის ინიციატივაა. ის ბალტიის, ადრიატიკის და შავი ზღვის რგოლში მდებარე ქვეყნებს შორის სავაჭრო და ინფრასტრუქტურული კავშირების გაღრმავებას და ენერგეტიკისა და პოლიტიკის სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურებას უწყობს ხელს. იდეა პოლონელი ლიდერის იოსებ პილსუდსკის 1920-იანი წლების ინტერმარიუმის კონცეფციიდან მოდის. პილსუდსკი პოლონეთის რუსეთისაგან დაცვას მის საზღვრებთან ძლიერი სახელმწიფოების რკალის შექმნით გეგმავდა.

უკრაინის მხარდაჭერა

ავტორი ფილიპ ობრაიანი წერს, რომ ერთი თვალსაჩინო განსხვავება 1938 წლის გერმანიასა და 2022 წლის რუსეთს შორის ის არის, რომ რუსეთი ეკონომიკურად სუსტია და მოსახლეობის დაბერების და დაბალი სიცოცხლის ხანგრძლივობის პრობლემა უდგას. ამ პირობებში, დასავლეთი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერით პუტინს აგრესიული ქმედებების ფასს მნიშვნელოვნად გაუზრდის. 

ამერიკამ უკრაინის პირდაპირი სამხედრო დახმარება ღიად გამორიცხა. უკრაინა ნატოს წევრი სახელმწიფო არ არის და მისი დაცვა ქვეყანას ხელშეკრულების საფუძველზე არ ევალება. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის ბრეტ სტივენსის აზრით, ამერიკამ რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა გაწყვიტოს და უკრაინა 1973 წელს, ისრაელის მსგავსად, სამხედრო ტექნიკით საგანგებო საჰაერო ხიდით მოამარაგოს. 

ამერიკას დახმარება სასროლი იარაღით, ამუნიციით, საჰაერო და საზღვაო თავდაცვის სისტემებით და სადაზვერვო ინფორმაციით შეუძლიაუკრაინისთვის განსაკუთრებით ღირებული საჰაერო და საზღვაო თავდაცვის სისტემებია, რადგან რუსეთის შეტევის შემთხვევაში ორივე მიმართულებით თავდაცვა გაუჭირდება. ამერიკა უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო მხარდაჭერას უწევს, მაგრამ რუსეთის პროვოცირების შიშით თავს იკავებს საჰაერო და საზღვაო თავდაცვითი სისტემების გადაცემაზე. ანალიტიკოსების ნაწილი ახლა იმასახ უსვამს ხაზს, რომ უკრაინისთვის ამ იარაღის გადაცემა ამერიკას უკვე დააგვიანდა, რადგან ამ იარაღის გამოსაყენებლად სამხედრო მოსამსახურეების წვრთნა შესძლოა ომის დაწყებამდე ვერ მოესწროს. 

მიუხედავად ამისა, უკრაინის სამხედრო პოტენციალის მნიშვნელოვნად გასაძლიერებლად კომენტატორების უმეტესობა თანხმდება, რომ დასავლეთის მიერ უკრაინის სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერა აუცილებლად უნდა მოიცავდეს ანტი-სატანკო სისტემებს, სადაზვერვო და საკომუნიკაციო ტექნიკას. ამ ყველაფერს ქვეყანა დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე ვერ შეძლებს. ახლახან მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ აშშ-ს THAAD-ის ტიპის ანტისარაკეტო სისტემების განთავსება სთხოვა. უკრაინისთვის ამგვარი დახმარების აღმოჩენის დრო სწორედ ახლაა.

ერთ თვეზე მეტია დასავლეთში იმ სანქციებზე მსჯელობენ, რომლებიც რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის დაუწესდება. რუსეთთან ურთიერთობის გამოცდილება ცხადად აჩვენებს, რომ საპირწონე ძალის დემონსტრირების გარეშე სანქციების მუქარა ქვეყნის ქცევაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. პირიქით, ეს პროცესი რუსეთს მხოლოდ დასავლეთის სისუსტეს აჩვენებს. როგორც ირკვევა, დასავლეთი არც ყველაზე მკაცრ ზომად შეფასებული საერთაშორისო ტრანზაქციების “სვიფტის” სისტემიდან გათიშვას უპირებს რუსეთს და დიდი ალბათობით არც ჩრდილოეთ ნაკადი ორის შეჩერებას გეგმავს. 

კომენტატორების ნაწილი ამბობს, რომ რუსეთისთვის სერიოზული დარტყმის მისაყენებლად სანქციები ნავთობსა და გაზზეც უნდა გავრცელდეს. ეს ევროპის რუსეთზე დამოკიდებულების პირობებში წარმოუდგენელია, რაც რუსეთმაც კარგად იცის. ამ მხრივ ნიშანდობლივია გერმანიის კანცლერის ოლაფ შულცის იანვრის თვეში გაკეთებული განცხადებიდანაც, რომელმაც სანქციების გავლენის აწონ-დაწონვისკენ მოუწოდა. 

დახმარების ძიებაში უკრაინამ დიდ ბრიტანეთთან, პოლონეთთან და თურქეთთან ორმხრივი თანამშრომლობა გაააქტიურა. უკრაინა ამ გზით სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას და მისი დახმარების სურვილის მქონე ქვეყნებთან მჭიდრო კონტაქტის დამყარებას ცდილობს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ამ მიდგომას “მცირე ალიანსების სტრატეგია” უწოდა, რათა უკრაინამ ნატოს წევრობამდე პოზიციები გაიმყაროს.


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ვიზიტად უკრაინაში წყარო:aa.com.tr
​​​​​​

მნიშვნელოვანია ამერიკა ამ პროცესის მხარდამჭერი გახდეს და მოკავშირე სახელმწიფოების მიერ უკრაინის დახმარება წაახალისოს. ბაიდენის ადმინისტრაციამ იანვარში ბალტიის ქვეყნებს ამერიკული წარმოების იარაღის უკრაინისთვის გადაცემის ნება დართო, რაც კარგი დასაწყისია.

ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, აღსანიშნავია თურქეთის პრეზიდენტის თებერვალში კიევში ვიზიტი, სადაც ქვეყნები თურქული უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატების უკრაინაში თანაწარმოებაზე შეთანხმდნენ. ეს რუსეთისთვის მნიშვნელოვანი და არასასიამოვნო სიახლეა.  თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობები განსაკუთრებით მთიანი ყარაბაღის ომის დროს გამოჩნდა. მათ ფაქტობრივად ავიაციის მაგივრობა გასწიეს და აზერბაიჯანს სომხეთისთვის მნიშვნელოვანი დანაკარგების მიყენების შესაძლებლობა მისცეს. უკრაინამ ბაირაქტარ TB2-ის სახელით ცნობილი უპილოტო საფრენი აპარატები თურქეთისგან პირველად 2019 წელს შეიძინა და დამატებით 24 ერთეულის შეძენას კიდევ აპირებს.

ბოლოთქმის მაგიერ

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იანვარში თქვა, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინაში მცირე შეჭრა განახორციელოს. “გააჩნია [რუსეთი] რას გააკეთებს. ერთია თუ მცირე მასშტაბიანი შეჭრაა და შემდეგ იმაზე გვიწევს კამათი რა გავაკეთოთ და რა არა,” - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე. ეს სიტყვები პუტინის აგრესიისთვის მწვანე შუქის ანთებად შეფასდა. თეთრმა სახლმა მოგვიანებით განმარტება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ თუ რუსეთის ძალები უკრაინის საზღვარს გადაკვეთდნენ ეს აგრესიად ჩაითვლება და დასავლეთის ერთიანი პასუხი მოყვება. 

“უადგილო წამოცდენა პოლიტიკოსის მიერ სიმართლის თქმას ნიშნავს - რაიმე იმგვარი ცხადი ჭეშმარიტების, რომელიც წესით არ უნდა გაახმოვანოს” - თქვა ამერიკელმა ჟურნალისტმა მაიკლ კინზლიმ. როდესაც პოლიტიკოსი სიმართლეს ისე ამხელს, რომ ამას მიზნად არ ისახავს კინზლის წამოცდენასაც ეძახიან. უკრაინის თავისუფლება დიდწილად იმ პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული რომელსაც დასავლეთი რუსეთს მიმართ გაატარებს. მოითმენს თუ არა დასავლეთი რუსეთის “მცირე” აგრესიას მომავალი გვიჩვენებს.

კომენტარები