ენერგეტიკა

სემეკი: კომუნალური გადასახადების გასაჩივრებისას ჩვენ მოგვმართეთ და არა ნაციონალურ მოძრაობას

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მოქალაქეებს მოუწოდებს, კომუნალური გადასახადების გასაჩივრების შემთხვევაში აბონენტებმა უშუალოდ სემეკ-ს ან ენერგოომბუდსმენს მიმართონ და არა პოლიტიკურ პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, რათა თავიდან იქნეს აცილებული შემდგომი გაუგებრობები.
 
"ბოლო დღეების განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობა მოქალაქეებს მოუწოდებს კომუნალური გადასახადის გასაჩივრებისთვის დაუკავშირდნენ პარტიას. ოპოზიციური პოლიტიკური პარტია მოქალაქეებს ჰპირდება საკითხის გასაჩივრებაში დახმარებას. თუმცა, დღემდე მათი მხრიდან არც სემეკში და არც ენერგოომბუდსმენის სამსახურში მოქალაქეთა კომუნალურ გადასახადებზე განცხადება/საჩივარი არ არის შემოსული". – წერია სემეკის განცხადებაში.
 
აღსანიშნავია, რომ მარეგულირებელი კომისიის სპეციალური ჯგუფი თელმიკოსა და თელასში ადგილზე სწავლობს კომპანიების აღრიცხვის სისტემების გამართულობას და გადასახადების გამოთვლის მეთოდებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, თელასი და თელმიკო დაჯარიმდებიან, მოსახლეობას კი ზედმეტობით დარიცხული თანხა უკან დაუბრუნდება. 

სემეკის გადაწყვეტილება დეკემბერ-იანვარში ელექტროენერგიის გადასახადის გადაჭარბებით დარიცხვასთან დაკავშირებით მოქალაქეთა საჩივრებს უკავშირდება. კომისია თელასისა და თელმიკოს შემოწმებას 3 მარტს დაასრულებს.

"თუ მომხმარებელს აქვს სურვილი, რომ მისი განცხადების საფუძველზე მოხდეს კომუნალური მომსახურების კომპანიის მხრიდან განხორციელებული დარიცხვის შესწავლა, მომართონ მარეგულირებელ კომისიას ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს. 

სემეკთან დაკავშირება შესაძლებელია როგორც ქოლცენტრის საშუალებით, ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა), ასევე Facebook-ზე სემეკის გვერდის საშუალებით. გარდა ამისა, წერილის ან განცხადების გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] ".
 

კომენტარები