ლარის კურსი

ლარი გაუფასურდა – დოლართან მიმართებით 2.13 თეთრით, ხოლო ევროსთან – 2.55 თეთრით

10 თებერვლის ბოლოსთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.9544 ლარია, ევროსი კი – 3.3801 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 2.13 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 2.55 თეთრით.

ბოლო პერიოდში საქართველოს ეროვნულ ვალუტას გამყარების ტენდენცია ჰქონდა, ერთწლიანი გაუფასურების შემდეგ, დოლარი სამ ლარს ჩამოსცდა, თუმცა, მეორე დღეა, ლარი ისევ უფასურდება.

2020 წლის მარტიდან მოყოლებული სხვადასხვა დროს 1 დოლარის ღირებულება 3.40 ლარსაც აჭარბებდა. ევრო კი, 4 ლარზე მეტიც ღირდა.

თიბისი კაპიტალი ეროვნული ვალუტის ამჟამინდელ გაცვლით კურსს ზომიერად ოპტიმისტურს უწოდებს და სამომავლოდ მის გაუფასურებას უფრო მეტად პროგნოზირებს, ვიდრე ლარის კიდევ უფრო მეტად გამყარებას. 

"ლარის მიმართ სენტიმენტებისა და წმინდა შემოდინების გაძლიერების შემთხვევაშიც კი, ჩვენი აზრით, ლარის შემდგომი გამყარება ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც ამ სცენარში ვფიქრობთ, რომ ეროვნული ბანკი უფრო მეტ რეზერვს შეისყიდის. 

ლარის მიმდინარე კურსი ზომიერად ოპტიმისტურია და სამომავლოდ მისი ან დაახლოებით იმავე დონეზე შენარჩუნება ან გარკვეული დასუსტებაა უფრო მოსალოდნელი, ვიდრე გამყარების ბოლო პერიოდში არსებული დინამიკის გაგრძელება". – წერია TBC CAPITAL-ის ანგარიშში. 

ანალიტიკოსების შეფასებით, ლარის მიმდინარე გამყარება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის, გაძლიერებული წმინდა სავალუტო შემოსავლებისა და თავად ლარის სტაბილურობის შედეგია, რადგანაც ხშირად სწორედ თავად დოლარი-ლარის კურსი განსაზღვრავს მოლოდინებს.

კომენტარები