ფასების გაძვირება

"იდეინი ახალგაზრდები ვართ, მიზანი გაგვაჩნია" – ოცნების მხარდამჭერების კონტრაქცია გორში

კადრი ვიდეოდან/მთავარი

"არა გაძვირებულ ელექტროენერგიას" - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები გორში საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის პარალელურად კი ქართული ოცნების მხარდამჭერების კონტრაქცია იმართება.  

"განსხვავებას დაგანახებთ - ადრე, წლების წინ, წინა მმართველობის პერიოდში, ასე ვერავინ ვერ დადგებოდა და ვერ ილაპარაკებდა. ახლა გვაქვს ამ ყველაფრის საშუალება. მაშინ უბრალოდ ძალადობრივად გაიყვანდნენ. [ფასების გაძვირება] პროპორციულად ხდება, რეალურად უნდა დავიანხოთ. რატომ ჩქმალავთ, რატომ ატყუებთ საზოგადოებას? ჩემი ნებით მოვედი, არავის არ უთხოვია აქ მოსვლა. 

ჩვენ ვართ იდეინი ახალგაზრდები, რა, რომლებსაც მიზანი გაგვაჩნია, რა შუაშია ქართული ოცნების ორგანიზებული? [აქციაზე] ქართული ოცნების წარმომადგენლები შეიძლება იყვნენ, მაგრამ მე ჩემი ნებით მოვედი". - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.  

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ აქციის მონაწილეები მმართველი პარტიისგან მართული, საბიუჯეტო ორგანიზაციებთან დაკავშირებული ადამიანები არიან, "სავარაუდოდ, აიპების თანამშრომლები".  

"გაიგეს იმის შესახებ, რომ აქციის ჩატარებას ვაპირებდით და მოვიდნენ იმისთვის, რომ შექმნა ილუზია, თითქოს მოსახლეობას სოციალური პოლიტიკა არ აწუხებს. დარწმუნებულები ვართ, რომ ფასების ზრდა, დენის ტარიფების ზრდა და სოციალური სიდუხჭირე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აწუხებს, მათ შორის, ქართული ოცნების ამომრჩეველსაც. ეს ადამიანები ცდილობენ ილუზიის შექმნას, თითქოს ეს ასე არ არის და ეცადნენ ჩვენთან დაპირისპირებას". - ამბობს ენმ-ს წევრი, ანა ბალიაშვილი მთავარ არხთან ინტერვიუში. 


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, სპეციალური ჯგუფი ადგილზე შეისწავლის მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კი, თელასი და თელმიკო დაჯარიმდებიან, ხოლო მოქალაქეებს ზედმეტობით დარიცხული თანხები უკან დაუბრუნდებათ. მარეგულირებლის გადაწყვეტილება დეკემბერ-იანვარში ელექტროენერგიის გადასახადის გადაჭარბებით დარიცხვასთან დაკავშირებით მოქალაქეთა საჩივრებს უკავშირდება. კომისია თელასისა და თელმიკოს შემოწმებას 3 მარტს დაასრულებს. 

კომენტარები