ბელარუსი

17 წლის ბელარუსმა მოთხილამურემ პოლიტიკური დევნის შიშით ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა

დარია დოლიდოვიჩი
Reuters

ბელარუსი მოთხილამურემ, დარია დოლიდოვიჩმა ოჯახთან ერთად ქვეყანა დატოვა. ოჯახი ახლა პოლონეთშია. დოლიდოვიჩის და მამამისის თქმით, ქვეყანა პოლიტიკური დევნის შიშით დატოვეს, მას შემდეგ რაც ოჯახის პოლიტიკური შეხედულებების გამო დარია დოლიდოვიჩს შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება ჩამოართვეს.

ათლეტის მამა, სერგეი დოლიდოვიჩი თვლის, რომ დარიას შეჯიბრებებში მონაწილეობის აკრძალვა დაკავშირებულია 2020 წლის საპროტესტო აქციებში სერგეის მონაწილეობასთან.

"დარიას შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება ჩამოართვეს. ბელარუსში მისი კარიერის გაგრძელების შესაძლებლობას ვერ ვხედავ. შეიძლება დემონსტრაციების მოწყობაში და ოპოზიციური სლოგანების გამოყენებაში დაგვადანაშაულონ და დაგვაკავონ. სამი თვის წინ, კოშმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ქვეყანას დავტოვებდი." - თქვა სერეგი დოლიდოვიჩმა.

დარია დოლიდოვიჩმა გასულ თვეს თქვა, რომ ბელარუსის სათხილამურო კავშირმა სართაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) კოდი გაუუქმა. ეს საიდენტიფიკაციო კოდი საჭიროა რათა ათლეტებმა ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა შეჯიბრში მიიღონ მონაწილეობა. ბელარუსის სათხილამურო კავშირის თქმით, დოლიდოვიჩს FIS-ის კოდი დეკემბერში ბელარუსის სათხილამურო ფედერაციის გადაწყვეტილების საფუძველზე გაუუქმეს. Reuters-ის თქმით, ორგანიზაციას გადაწყვეტილების მიზეზი არ აუხსნია.

პოლიტიკური შეხედულებების გამო სხვადასხვა ბელარუს ათლეტს წარსულშიც შეჰქმნია პრობლემა. 2021 წლის აგვისტოში ათლეტი კრისტინა ტიმანოვსკაია ბელარუსის ოლიმპიურმა კომიტეტმა კომიტეტის კრიტიკის შემდეგ ოლიმპიადიდან მოხსნა და მისი ბელარუსში იძულებით დაბრუნება სცადა. ბელარუსში გაფრენამდე, ტოკიოს აეროპორტში მისულმა ტიმანოვსკაიამ პოლიციას მიმართა და გაავრცელა ვიდეო, რომელშიც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს დახმარება სთხოვა. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტიმანოვსკაიას საქმის გამოძიება დაიწყო. კრისტინა ტიმანოვსკაიამ პოლიტიკური თავშესაფარი პოლონეთს სთხოვა და ჰუმანიტარული ვიზა მიიღო.

ტიმანოვსკაიას ინციდენტის შემდეგ ორმა ათლეტმა, იანა მაკსიმოვა და მისი ქმარი ანდრეი კრავჩენკომ უარი თქვეს ბელარუსში დაბრუნებაზე. წყვილმა გადაწყვეტილების მიზეზად ბელარუსში თავისუფლების შეზღუდვები და მათთვის პოტენციური საფრთხის არსებობა დაასახალა.

კომენტარები