კორონავირუსი საქართველოში

პენიტენციური: ტყუილია, თითქოს COVID 19 ციხეში მასობრივად გავრცელდა, ინფიცირებულია 71 პატიმარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური სოციალურ ქსელში კორონავირუსით ინფიცირებული პატიმრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კორონავირუსი ამ დროისთვის 71 ადამიანს აქვს დადასტურებული, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

"ინფიცირებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შეუსაბამო და რეალობას მოკლებულია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ციხეებში კოვიდ-19 მასობრივად გავრცელდა და პენიტენციური სამსახური ეპიდვითარებას ვერ მართავს. განვმარტავთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ კვლავ გრძელდება ცილისწამებლური კამპანია, რომელიც საზოგადოებაში უწყების იმიჯის შელახვას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში, ორ კვირაში ერთხელ, ხორციელდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა PCR ტესტირება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბრალდებულს/მსჯავრდებულს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდება, ხორციელდება დამატებითი ტესტირება, როგორც მისი, ისე მასთან შემხებლობაში მყოფი პირების.

ვირუსის დადასტურების შემდგომ, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ისინი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში თავსდებიან. საყურადღებოა, რომ ის ბრალდებულები/მსჯავრდებულები, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენისთანავე, თავსდებიან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის დადასტურებული 71 შემთხვევიდან, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში რჩება მხოლოდ 57 კოვიდინფიცირებული, დანარჩენი 14 მსჯავრდებული უკვე გამოჯანმრთელდა და დაბრუნდება სასჯელის მოხდის ადგილზე. რაც შეეხება, დაწესებულებებში გამოვლენილ ერთეულ შემთხვევებს, განმარტავთ, რომ პროცესი მიმდინარეობს უსიმპტომოდ, გართულებების გარეშე და ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება პრევენციული კოვიდტესტირების პროცესი.

მნიშვნელოვანია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ვაქცინაცია კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. არსებული მონაცემებით, ვაქცინირებულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა - 86%, რევაქცინირებულია - 81%, ე.წ. ბუსტერ დოზით ვაქცინაცია კი ჩაუტარდა 3076 მსჯავრდებულს. ასევე, ვაქცინირებულია პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა 94 %". - წერია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სულ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 350 454 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 1 124 442 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 300 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 210 686 აქტიური შემთხვევაა.  

1 228 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის თბილისში 469 მკურნალობს, აჭარაში - 150, იმერეთში - 379. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 277 პაციენტია,  მათგან თბილისში - 156, აჭარაში - 43, იმერეთში - 29. 

ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს.

კომენტარები