ენერგეტიკა

საუდის არაბეთმა ბარელი ნავთობის ფასი $95-მდე გაზარდა, მსოფლიოში საწვავი ძვირდება

Shutterstock

მსოფლიოს უმსხვილესმა ნავთობის მწარმოებელმა და ექსპორტიორმა სახელმწიფო კომპანიამ, Saudi Arabia Aramco-მ ბარელი ნავთობის ღირებულება 95 დოლარამდე გაზარდა, რამაც მსოფლიოს მასშტაბით საწვავისა და სხვა ენერგოპროდუქტების გაძვირება გამოიწვია. 

Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, 2022 წელს ნავთობის ღირებულება 100 დოლარს გადააჭარბებს, 2023 წლიდან კი, შესაძლოა, რომ ბარელის ღირებულებამ 110 დოლარსაც მიაღწიოს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდა ქართულ ბაზარზეც აისახება. Wissol-ის გენერალური დირექტორის, ვასილ ხორავას თქმით, მოსალოდნელია, რომ ქართულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი 20-25 თეთრით გაძვირდეს. საგულისხმოა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ცვლილება მყისიერად არ აისახება საქართველოში საწვავის ფასებზე, რადგან ნავთობის იმპორტიორი კომპანიები საწვავის ფასებს ნავთობის მიმდინარე ღირებულების, რეზერვში არსებული (წარსულში შეძენილი) საწვავის ღირებულებისა და ვალუტის გაცვლითი კურსის მიხედვით ადგენენ, შესაბამისად, ცვლილების ასახვას გარკვეული დრო სჭირდება.

ექსპერტების შეფასებით, უკანასკნელ პერიოდში ნავთობის გაძვირების გამომწვევი მიზეზი რუსეთ-უკრაინის დაძაბულობა და მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით სპარსეთის ყურეში არსებული რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობაა, რაც ნავთობის მიწოდების შეფერხების რისკებს აჩენს. 

"ენერგომოვაჭრეებმა არ იციან, როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ან შეძლებს თუ არა ირანი ბირთვული შეთანხმების მიღწევას, მაგრამ არის იმის შანსი, რომ რაღაც ცუდი მოხდეს და ამან საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის მიწოდების პრობლემა და დეფიციტი გამოიწვიოს". – ამბობს OANDA-ს უფროსი ანალიტიკოსი, ედვარდ მოია. 

პანდემიურ პერიოდში ნავთობის გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეზღუდული მიწოდებაა, რაც პირდაპირ კავშირშია ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC+) გადაწყვეტილებებთან. თუკი გლობალური ეკონომიკის აღდგენის პარალელურად, OPEC-ი ნავთობის მიწოდებას მოთხოვნის შესაბამისად არ გაზრდის, საწვავსა და სხვა სახის ენერგოპროდუქტებზე ფასები, სავარაუდოდ, ზრდას განაგრძობს.

 

კომენტარები