ირაკლი ღარიბაშვილი

მთავრობის სტრატკომი პრემიერის ცოლისთვის გადაცემული ტყის გამო თავს იმართლებს

მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისთვის, ნუნუ თამაზაშვილისთვის ბაკურიანში 5 958 კვადრატული მეტრი ტყის 49 წლით გადაცემის გამო თავს იმართლებს. უწყებამ განცხადებასთან ერთად გაავრცელა ვიდეოც, რომელიც ტელევიზიების მიერ ფაქტის გაშუქების კადრებსა და ღარიბაშვილის სახლის გეგმას ასახავს.

"ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ საუბარია არა ბაკურიანში არსებულ ტყის მასივის დიდ ნაწილზე, როგორც ამას ცდილობენ წარმოაჩინონ დეზინფორმაციის ავტორები, არამედ დაახლოებით 0,6-მდე ჰექტრის ფართობის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ. შესაბამისად, სრული აბსურდია საუბარი იმის შესახებ, რომ ბაკურიანში მცხოვრები მოსახლეობა და ტურისტები ვეღარ შეძლებენ ბაკურიანის ტყეში გადაადგილებას. ასევე ვიდეომასალაში კარგად ჩანს, რომ პრემიერ-მინისტრის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, განთავსებულია სხვა მოქალაქეების საცხოვრებელი სახლები და კოტეჯები და საუბარი იმის შესახებ, რომ "პრემიერმინისტრმა ტყის მასივში, რეკრეაციულ ზონაში რეზიდენცია აიშენა" ისეთივე სიცრუეა, როგორც სხვა ბრალდებები". – ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობის სტრატკომი აბსურდულსა და ყალბს უწოდებს ინფორმაციას, რომ ღარიბაშვილის ოჯახი გადაცემულ მიწაზე საკუთარი სათხილამურო ტრასის მოწყობას გეგმავს.

"აღნიშნული ვიდეომასალითა და დოკუმენტური ფაქტებით ნათლად ჩანს, ყველა გავრცელებული ბრალდება არის სიყალბე, ფაქტების დამახინჯება და წარმოადგენს ფეიკ ნიუსის კლასიკურ მაგალითს, რაც ემსახურება მხოლოდ პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის მორიგ მცდელობას, რაც ისევე, როგორც სხვა მრავალი, მართული დეზინფორმაციული კამპანიები, უშედეგოდ დასრულდება". – აცხადებს მთავრობის სტრატკომი.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს დაბა ბაკურიანში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5 958 კვ.მ მიწა ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით 49 წლით 2021 წლის 28 დეკემბერს გადაეცა. ტყითსარგებლობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, მფლობელს უფლება აქვს, რომ ტერიტორია გამოიყენოს საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით.

პრემიერის ცოლის ძმის, ალექსანდრე თამაზაშვილის თქმით, "უსაფრთხოებიდან გამომდინარე ტყე აუცილებელი გახდა".

კომენტარები