საქართველო-რუსეთი

ჰილი: ზოგიერთმა მოსკოვთან ნეიტრალურ-მარგინალური სტატუსი მიიღო, მაგალითად საქართველომ

ფიონა ჰილი
Getty Images

აშშ-ს კონგრესის ჰელსინკის კომისიაში გამართულ მოსმენაზე აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს რუსეთის და ევროპის საკითხებში ყოფილმა დირექტორმა და კვლევითი ცენტრის, Brookings Institution-ის მკვლევარმა ფიონა ჰილმა ევრაზიაში რუსეთის მზარდ გავლენაზე ისაუბრა.

ჰილის თქმით, ბოლო წლებში რუსეთმა წარმატებით შეძლო რეგიონში დომინანტურ პოლიტიკურ ძალად და უშიშროების გარანტორად თავის დამკვიდრება. მისვე თქმით, მხოლოდ უკრაინამ და ბალტიის ქვეყნებმა შეძლეს მოსკოვის გავლენს გარეთ დარჩენა. ჰილმა აღმნიშნა, რომ კიევის რუსეთის ორბიტაში დაბრუნება მოსკოვისთვის და ვლადიმირ პუტინისთვის "დაუსრულებელი საქმეა".

ფიონა ჰილმა აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ აიძულა მოსკოვმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები უფრო დაახლოებოდნენ რუსეთს.

"[უკრაინისგან] განსხვავებით, სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნები, წნეხის ქვეშ ან პოლიტიკურად და უშიშროების საკითხებში დაუახლოვდნენ მოსკოვს ან ნეიტრალურ-მარგინალური საერთაშორისო სტატუსი მიიღეს. რუსეთმა ეს ეკონომიკური და სამხედრო კავშირების ან ტერიტორიული კონფლიქტების გამოყენებით მოახერხა. ერთ-ერთი აღსანიშნი მაგალითი: საქართველოს ახლანდელი მთავრობა უფრო ფრთხილად იქცევა რუსეთთან ვიდრე მისი წინამორბედი." – თქვა ჰილმა.

ფიონა ჰილი აღნიშნავს, რომ რუსეთი ხშირად იყენებს მიხეილ სააკაშვილის მაგალითს, 2021 წლის ნოემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააფრთხილა სააკაშვილის ბედის გაზიარების რისკებზე. ჰილმა ასევე აღნიშნა დიდი ბრიტანეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთი ზელენსკის მთავრობის პრორუსული ხელისუფლებით ჩანაცვლებას გეგმავს.

მოსმენაზე ფიონა ჰილმა ასევე განიხილა სომხეთის მაგალითი და აღნიშნა, რომ რუსეთმა 2020 წელს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი გამოიყენა სამშვიდობოების სახით რეგიონში საკუთარი ძალების შესაყვანად.

კომენტარები