კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ომიკრონის 1000-ზე მეტი შემთხვევიდან 3 ადამიანი გარდაიცვალა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ომიკრონის 1000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევიდან 3 ადამიანი გარდაიცვალა. 

მისივე ინფორმაციით, ჩატარდება კვლევა, რომელიც დაადგენს კორონავირუსით გარდაცვლილთაგან რამდენი იყო ომიკრონის შტამით ინფიცირებული. 

"ლაბორატორიულად დადასტურებული ათასზე მეტი შემთხვევიდან დაახლოებით 3%-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ყველა მალე დაუბრუნდა ჩვეულ აქტივობას. აქედან არის დადასტურებული გარდაცვალების 3 შემთხვევა, რომელიც ჯერჯერობით შესაძლოა, უკავშირდებოდეს სხვა მიზეზს. აქ იყო გარდაცვალება, რომელსაც დაერთო ომიკრონის ფაქტი. ამას შეისწავლიან.

გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წამოიწყებს მიმდინარე პერიოდში კვლევას, რადგან ჯერ ცოტა დროა გასული იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ კონკრეტულად ომიკრონთან დაკავშირებულ გარდაცვალებებზე. ეს კვლევა მიმდინარე პერიოდში დაიგეგმება და ვფიქრობთ, უკვე 10 თებერვლამდე უფრო ზუსტი წარმოდგენა გვექნება გარდაცვალების შემთხვევებიდან, რა ნაწილი შეიძლება იყოს განპირობებული კონკრეტულად ომიკრონით".- ამბობს თამარ გაბუნია IPN-ს ცნობით. 

31 იანვრის მონაცემებით, Covid 19-ით კიდევ 35 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 45 623 ტესტი და დადასტურდა 13 150 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 8 503 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 28.82%, ბოლო 14 დღის - 20.75%, ხოლო ბოლო 7 დღის - 23.8%.

კომენტარები