"არავინ არავის არაფერი არ აჩუქა, ეს ჩუქება კი არ არის, ეს არის, პირიქით, ვალდებულებები მათთვის, რომ ტყეს მოუარონ სათანადო პირობებით". – ამბობს ვიცეპრემიერი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ბაკურიანში პრემიერის ცოლისთვის, ნუნუ თამაზაშვილისთვის 5 958 კვადრატული მეტრი ტყის 49 წლით იჯარით გადაცემაზე.
დავითაშვილის მტკიცებით, ტყის მონაკვეთის გადაცემა ლეგალურად, აუქციონის პირობებში მოხდა, – "დღეს, თითოეულ თქვენგანს, ვინც აქ ესწრებით, შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და მე თქვენ გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენთვის სასურველი ტყის ობიექტი, სათანადო პასუხისმგებლობის ფარგლებში გადმოგეცემათ, ასევე საიჯარო ვალდებულებებით". – მიმართა ლევან დავითაშვილმა ჟურნალოისტებს.
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს დაბა ბაკურიანში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5 958 კვ.მ მიწა ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით 49 წლით 2021 წლის 28 დეკემბერს გადაეცა.
ტელეკომპანია პირველის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ხელშეკრულების თანახმად, 5 958 კვ.მ მიწაზე არსებული ტყით სარგებლობაში ნუნუ თამაზაშვილი წლიურად 6 255.9 ლარს გადაიხდის. ამავე ხელშეკრულების თანახმად, მფლობელს უფლება აქვს, რომ ტერიტორია გამოიყენოს საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით.
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ნუნუ თამაზაშვილისთვის მიწა არ უჩუქებიათ, ის მან ელექტრონულ აუქციონში კანონიერად გამარჯვებით მიიღო.