ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ: საგარეჯოს ყოფილმა მერმა მიწა მიითვისა, რომელიც ხალხს ეკლესიის ასაშენებლად გადავეცით

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ საგარეჯოს ყოფილმა მერმა, გიორგი ერბოწონაშვილმა, საგარეჯოში მიწა უკანონოდ მიითვისა. ამის შესახებ, ენმ-ს სამდივნოს წევრებმა გიორგი ბოტკოველმა და ლევან ხაბეიშვილმა კახეთში, საგარეჯოში ბრიფინგი გამართეს. 

გიორგი ბოტკოველის თქმით, აღნიშნული ტერიტორია 2006 წლიდან ენმ-ს ეკუთვნოდა და 2012 წელს, მოსახლეობის თხოვნით დათმეს, იმისთვის, რომ იქ ეკლესია აშენებულიყო. 

"ეს ტერიტორია 2006 წლიდან ეკუთვნოდა ენმ-ს. 2012 წელს მოსახლეობის თხოვნით, ტერიტორია დათმობილ იქნა იმის გამო, რომ აშენებულიყო ეკლესია, აქ ხედავთ მაკეტებს და ამ ყველაფრისთვის ბიუჯეტში გამოიყო 50 000 ლარი.

2016 წელს გიორგი ერბოწონაშვილის მერობამდე ეს ტერიტორია გამოთხოვნილ იქნა სახელმწიფოსგან და გადაეცა მუნიციპალიტეტს.

2021 წელს საგარეჯოს მერს არაერთი მცდელობა ჰქონდა,რომ ეს ტერიტორია გასხვისებულიყო, რომ ჩავარდნილიყო მის ხელში. მაშინ საკრებულოს ოპოზიციამ წინააღმდეგობა გაუწია ამ პროცესს და ეს პროცესი შეჩერდა. ამის შემდეგ ერბოწონაშვილმა ეს ტერიტორია გადასცა მასთან დაახლოებულ პირს და მიმდინარეობს სავაჭრო-კომერციული ობიექტის მშენებლობა. ეს არის პირდაპირი კორუფცია იმდროინდელი მერისგან".- ამბობს გიორგი ბოტკოველი. 

კომენტარები