გორი

გორში პოლიციამ 82 წლის კაცი შვილის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გორში 1940 წელს დაბადებული კ.მ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შვილს (1975 წელს დაბადებულ გ.მ.-ს) ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

დაზარალებულს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკა გორმედის ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

"მამაკაცს გულმკერდისა და მუცლის არეში მრავლობითი ჭრილობა ბასრი საგნით ჰქონდა მიყენებული. მას დაზიანებული აქვს ფილტვი, კუჭი და პანკრიასი. ასევე, აღენიშნება თავისა და ორივე ხელის მტევნის ნაკვეთი ჭრილობებიც". – ამბობენ კლინიკაში.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19 -109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები