ირაკლი ღარიბაშვილი

"სულ რამდენიმე ხეა" – კობახიძე ღარიბაშვილის ცოლისთვის გადაცემულ მიწაზე

Irakli Kobakhidze / Facebook

"რასაც ეძახიან ტყის მასივს, ესაა კონკრეტული ტერიტორია, ნახევარ ჰა-მდე, სადაც სულ რამდენიმე ხეა". – ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბაკურიანში პრემიერმინისტრის ცოლისთვის, ნუნუ თამაზაშვილისთვის 5 958 კვადრატული მეტრი ტყის 49 წლით იჯარით გადაცემაზე.

ირაკლი კობახიძე მედიის ნაწილს, რომელმაც ნუნუ თამაზაშვილისთვის მიწის გადაცემა გააშუქა, ოპოზიციურად განწყობილს უწოდებს და ამბობს, რომ მედიას სალაპარაკო არაფერი დარჩა, გარდა ამ "თითიდან გამოწოვილი" ამბისა.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს დაბა ბაკურიანში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5 958 კვ.მ მიწა ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით 49 წლით 2021 წლის 28 დეკემბერს გადაეცა.

ტელეკომპანია პირველის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ხელშეკრულების თანახმად, 5 958 კვ.მ მიწაზე არსებული ტყით სარგებლობაში ნუნუ თამაზაშვილი წლიურად 6 255.9 ლარს გადაიხდის. ამავე ხელშეკრულების თანახმად, მფლობელს უფლება აქვს, რომ ტერიტორია გამოიყენოს საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ნუნუ თამაზაშვილისთვის მიწა არ უჩუქებიათ, ის მან ელექტრონულ აუქციონში კანონიერად გამარჯვებით მიიღო.

კომენტარები