რუსული ოკუპაცია

სუს: ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან უკანონო ბორდერიზაცია და აქტივობები განახორციელეს

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და სხვა ტიპის უკანონო აქტივობები განახორციელეს.

უწყებაში ამბობენ, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევთან და მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე სოფელ ჯარიაშენის გასწვრივ არსებულ საოკუპაციო ხაზზე სუს-ის მიერ თითოეული უკანონო აქტივობის იდენტიფიცრება ხდება .

სუს-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს.

"კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით, ისევე როგორც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ წარმოებული პროვოკაციული აქტივობის თითოეულ ფაქტზე, გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, ასევე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

ამასთან, აღნიშნული საკითხები, საოკუპაციო ძალების დესტრუქციული აქტივობების სხვა იდენტიფიცირებულ ფაქტებთან ერთად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ მკაცრად იქნა დასმული მიმდინარე წლის 20 იანვარს, ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 104-ე შეხვედრაზე.

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებული უკანონო აქტივობები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას". – წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო დესტრუქციული ქმედებების შესახებ ცნობილი გუშინ, 27 იანვარს გახდა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) დაადასტურეს, თუმცა უწყებაში უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს არ დაადასტურეს.

კომენტარები