პოლიციელების ძალადობა

"ფაქტს უარყოფენ, არ აღიარებენ" – პროკურორი არასრულწლოვნის ცემის გამო დაკავებულ პოლიციელებზე

ისნის მეტროსადგურში არასრულწლოვნის ცემის საქმეზე პროკურორი ამბობს, რომ დაკავებული პოლიციელები ძალადობის ფაქტს უარყოფენ. თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ.

"ბრალდების მხარე შუამდგომლობს, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იყოს პატიმრობა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მათი მხრიდან არსებობს მიამლვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების რეალური საფრთხეები. 

ორივე ბრალდებულს აქვს მოცემული ჩვენება, დადასტურებულია შსს-ს შესაბამისი წერილითაც, თავად ბრალდებულებიც ადასტურებენ და ყველა მოწმე ადასტურებს, რომ 23 იანვარს ისინი ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას მეტროსადგურ ისანის შენობაში, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, ორივე მათგანი უარყოფს აღნიშნულ ფაქტს, არ აღიარებენ". - ამბობს პროკურორი.

მისივე თქმით, დაზარალებულ არასრულწლოვანს სურდა, რომ ამოცნობის პროცესი ჩატარებულიყო, თუმცა ბრალდებულმა პოლიციელებმა ამოცნობაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.   

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ცემის საქმეზე 2 პოლიციელია დაკავებული - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებებით.   

24 იანვარს ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელმა ყრუ ახალგაზრდას სცემა. კონფლიქტი პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის მეტროს ესკალატორზე დაიწყო. ერთ-ერთმა პირმა პოლიციელისთვის სცადა ახსნა, რომ არასრულწლოვანი შშმ პირია. სოციალური მედიით გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში ისმის საუბარი მოქალაქესა და პოლიციელს შორის:

"მოქალაქე: ხელი გაუშვით
პოლიციელი: შენ ხომ გვიცნობ?
მოქალაქე: ყრუ-მუნჯია
პოლიციელი: მანდ უნდა იაროს მერე?
მოქალაქე:ყრუ-მუნჯია თქო
პოლიციელი: შენ ხომ ჭკვიანი ხარ? შენ ხომ გესმის? უნდა დაარიგო მერე
მოქალაქე: ყრუ-მუნჯია, რა უნდა ვუთხრა?
პოლიციელი: ეს ყრუმუნჯია? რო ავალაპარაკო ეხლა?
მოქალაქე: მიდი აალაპარაკე და მილიონს მოგცემ
პოლიციელი: მოდი, ეხლა უნდა ავალაპარაკო"

მომხდარს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო - უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება" და გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. 

კომენტარები