ენერგეტიკა

ბარელი ნავთობის ფასი ბოლო შვიდი წლის რეკორდულ ნიშნულამდე, $90-მდე გაიზარდა

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები ბოლო შვიდი წლის უმაღლეს ნიშნულამდე გაიზარდა და ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულებამ 90 დოლარს მიაღწია.

ექსპერტების შეფასებით, უკანასკნელ პერიოდში ნავთობის გაძვირების გამომწვევი მიზეზი რუსეთ-უკრაინის დაძაბულობა და მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით სპარსეთის ყურეში არსებული რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობაა, რაც ნავთობის მიწოდების შეფერხების რისკებს აჩენს. 

"ენერგომოვაჭრეებმა არ იციან, როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ან შეძლებს თუ არა ირანი ბირთვული შეთანხმების მიღწევას, მაგრამ არის იმის შანსი, რომ რაღაც ცუდი მოხდეს და ამან საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის მიწოდების პრობლემა და დეფიციტი გამოიწვიოს". – ამბობს OANDA-ს უფროსი ანალიტიკოსი, ედვარდ მოია. 

პანდემიურ პერიოდში ნავთობის გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეზღუდული მიწოდებაა, რაც პირდაპირ კავშირშია ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC+) გადაწყვეტილებებთან. თუკი გლობალური ეკონომიკის აღდგენის პარალელურად, OPEC-ი ნავთობის მიწოდებას მოთხოვნის შესაბამისად არ გაზრდის, საწვავსა და სხვა სახის ენერგოპროდუქტებზე ფასები, სავარაუდოდ, ზრდას განაგრძობს.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, 2022-2023 წლებში ნავთობის ფასები რეკორდული ტემპით გაიზრდება და საერთაშორისო ბაზრებზე ბარელი ნავთობის ღირებულება 100 დოლარს მიაღწევს. 

"ომიკრონის გამოჩენამდე ჩვენ უკვე გვქონა რეკორდულად მაღალი მოთხოვნა და ფასები ნავთობზე. გლობალური ეკონომიკა და საჰაერო ტრანსპორტზე მოთხოვნა ისევ იზრდება. მოთხოვნის ზრდის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, 2022 წელს ნავთობის ღირებულება რეკორდულ ნიშნულებს მიაღწევს". – თქვა ბანკის ენერგეტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დემიენ კურვალინმა.

კურვალინის თქმით, გასათვალისწინებელია მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილი ინფლაციის მაჩვენებელიც, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ენერგოპროდუქტების ფასებზე. მისი ვარაუდით, თუკი მაღალი ინფლაციის დონე შენარჩუნდება, შესაძლებელია, რომ 2023 წელს ბარელი ნავთობის ღირებულებამ 110 დოლარსაც მიაღწიოს. 

მოსალოდნელია, რომ მსოფლიოს მასშტაბით ფასების ზრდა ქართულ ბაზარზეც აისახოს და ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურებში საწვავი გაძვირდეს. საგულისხმოა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ცვლილება მყისიერად არ აისახება საქართველოში საწვავის ფასებზე, რადგან ნავთობის იმპორტიორი კომპანიები საწვავის ფასებს ნავთობის მიმდინარე ღირებულების, რეზერვში არსებული (წარსულში შეძენილი) საწვავის ღირებულებისა და ვალუტის გაცვლითი კურსის მიხედვით ადგენენ, შესაბამისად, ცვლილების ასახვას, შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს.


 

კომენტარები